თბილისი, 3 ივლისი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ ზარდიანთკარში ქართული მხარის მიერ ჩადგმული სამხედრო საგუშაგოს უკან – სამხრეთ ოსეთის საზღვრის მოშორებით, გადატანას ითხოვს.
ცხინვალის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტრო შეშფოთებულია ქართული მხარის მცდელობით, ნებისმიერი მეთოდით მოახდინონ სიტუაციის დესტაბილიზაცია სამხრეთ ოსეთის საზღვართან ახლოს. „ქართული მხარის მიერ სამხედრო პოტენციალის გაზრდა, ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა სამხრეთ ოსეთის მიმართ, გამუდმებული პროვოკაციები საზღვართან ახლოს იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს სიტუაციის ესკალაციას და ამზადებს რევანშისტულ გეგმებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო აცხადებს, რომ ახალი საგუშაგო მათ შემადგენლობაში არსებულ სოფელ ხელჩუასთანაა ახლოს, რაც ძალიან აშფოთებს ადგილობრივი ოსური წარმოშობის მცხოვრებთ. ამ მიზეზის გამო სამინისტრომ ქართულ მხარეს მომავალში ამ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საზღვრის დემარკაცია მოსთხოვა. თუმცა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ შეთანხმებაზე ქართული მხარე არ თანხმდება.
სამხრეთოსურ მხარეს პრეტენზიები აქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთანაც. ოსური საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეს კონკრეტული ტერიტორია მისიის პასუხისმგებლობის ქვეშაა, ისინი კი ვალდებული არიან, სამხრეთ ოსეთი დაიცვან ქართული აგრესიისგან. ოსური მხარე მიიჩნევს, რომ პოლიციის საგუშაგო სამხრეთ ოსეთის საზღვართან ახლოს უკანონოდ სწორედ იმიტომ ჩაიდგა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ არ გააკონტროლა ქართული მხარის მოქმედება და ამ ფაქტს დუმილით შეხვდა.
ცნობისათვის: ქართულმა მხარემ პოლიციის საგუშაგო ზარდიანთკარში რამდენიმე დღის წინ ჩადგა. ამასთან დაკავშირებით ოკუპაციის საზღვართან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაც გაიმართა, სადაც ქართულმა მხარემ საგუშაგოს გადმოტანა განაღმვითი სამუშაოების ჩატარებით ახსნა. ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ამ სამუშაოების ჩატარების შემდეგ ქართულ და ოსურ მოსახლეობას ისევ თავისუფლად შეეძლება ერთად ცხოვრება.