საზოგადოება
„ქართული ოცნება“ გორში დაგეგმილი აქციის თაობაზე

1-gori-sazogadoeba-2თბილისი, 6 ივლისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნება“ აქციის ჩატარებისთვის გორის გამგეობის მიერ შეთავაზებულ ადგილზე უარს ამბობს. როგორც კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ აქციის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით გორის გამგეობას ალტერნატიული წინადადებით მიმართა.

„ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება პირველ წინადადებაზე ყოველთვის უარს გვეუბნება, ამავე დროს, როცა მეორე შეთავაზება გაქვს ხოლმე, ნებართვას ვიღებთ. ჩვენ ამ შემთხვევაშიც შევთავაზეთ გორის გამგეობას აქციის ჩატარებისთვის ალტერნატიული ადგილი და ველოდებით მათ პასუხს, თუმცა რა ადგილზეა საუბარი, ეს გამოცხადდება როგორც კი პასუხს მივიღებთ“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, გორში აქცია 15 ივლისს, 19:00 საათზე გაიმართება.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კოალიცია „ქართულ ოცნებას" 15 ივლისისთვის

დაგეგმილი აქციის გასამართავად ქალაქის ცენტრალური მოედნის გამოყოფაზე უარი უთხრა. გამგეობის ოფიციალურ წერილში ნათქვამია: „ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე მოედანი წარმოადგენს ქალაქის საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კვანძს. შესაბამისად, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია 15 ივლისს აღნიშნული ტერიტორიის პარალიზება. ამასთან, გთავაზობთ ალტერნატიულ ტერიტორიას მანიფესტაციისა და შეკრების ჩასატარებლად გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მე-2 კმ-ზე, საფეხბურთო სტადიონ „ქართლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე“.

ამასთან, „ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის – ლექსო ვალიაურის, განცხადებით, კოალიციამ 15 ივლისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დღეს გამგეობას კიდევ ერთი წერილით მიმართა, რომელშიც აქციის ჩატარებისთვის ამჯერად გორის კომბინატის ტერიტორიაზე კულტურის სახლის მიმდებარე მოედნის გამოყოფას ითხოვს.