თბილისი, 6 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ” და “ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” კანონებში ცვლილებები პარლამენტმა დაჩაქარებული წესით დაამტკიცა.
ცვლილებით განისაზღვრა, რომ საინვესტიციო საგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მთავრობის საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იქნება. 30 ივნისს კი, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად დაასახელა. გამოდის, რომ საკანონმდებლო ცვლილება ნიკა გილაურს ორივე თანამდებობის დაკავების უფლებას აძლევს. როგორც ცნობილია, საპარტნიორო ფონდის ოფისი პარლამენტის შენობის საპრეზიდენტო ფლიგელში განთავსდება.საპარტნიორო ფონდი 2011 წელს შეიქმნა და მისი ფუნქცია ინვესტიციებით და საბიუჯეტო სახსრებით, შეფერხებული პროექტების დასრულებაა.
რამდენიმე თვის წინათ მიღებილი საკანონმდებლო ცვლილებით, ფონდს, საბიუჯეტო სახსრების დახმარებით განხორციელებული თუ გაგრძელებული პროექტების განკარგვის უფლება მიეცა. მანამდე ფონდს პროექტების განსახელმწიფოებრიობა ევალებოდა.
რაც შეეხება ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს, საკანონმდებლო ცვლილებამდე მისი საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციაში შედიოდა. ამასთან, სამინისტროს სააგენტოს დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებაც ჰქონდა.
როგორც დღეს დამტკიცებული ცვლილება მიუთითებს, სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი არ ეყოლება. მისი საქმიანობის კოორდინაციისა და საერთო ზედამხედველობის ფუნქცია მთლიანად სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაეცა, მათ შორის, სამეთვალყურეო საბჭოს სააგენტოს დირექტორის დანიშვნისa და გათავისუფლების უფლება ექნება. ხოლო სააგენტოს დებულებას, რომელსაც აქამდე ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებდა, ახლა სამეთვალყურეო საბჭო მიიღებს.
სამეთვალყურეო საბჭოს სააგენტოს ბიუჯეტის განსაზღვრის უფლებაც ექნება, რომელიც აქამდე მთავრობის პრეროგატივა იყო. გარდა ამისა, სამეთვალყურეო საბჭო სააგენტოს მიერ ქონების გაყიდვის ან დატვირთვის გადაწყვეტილებაზე, სესხის აღებაზე, თავდებად დადგომაზე, საშტატო განრიგის განსაზღვრაზე, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების დამტკიცებასა და სხვა საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი.
საკანონმდებლო ცვლილებით, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაც იცვლება. აქამდე სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო 9 წევრისგან შედგებოდა. საბჭოს შემადგენლობას ცენტრალური ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლებებისa და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი არჩევდა. ახლა კი სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების თითო-თითო მოადგილე შევლენ.
საინვესტიციო სააგენტოს, აგრეთვე, უფლება აქვს, ადმინისტრაციულ ორგანოებsa და სხვა პირებთან ურთიერთობებში ინვესტორის წარმომადგენელი იყოს. ამ მიზნით ინვესტორსა და სააგენტოს შორის ხელშეკრულება იდება, რომელიც წარმომადგენლობის ფარგლებს განსაზღვრავს. ინვესტორსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებით სააგენტო ინვესტორს საინვესტიციო საქმიანობისათვის საჭირო ყველა ლიცენზიის ან/და ნებართვის აღებაში ან სხვა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაში ეხმარება.
სააგენტოს მომსახურების საფასურს აქამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განსაზღვრავდა, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციაში გადავიდა. თუ საქმე განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციებს არ ეხება, სააგენტო მომსახურებაში საფასურს იღებს. თანხის რაოდენობას სამეთვალყურეო საბჭო განსაზღვრავს.