საზოგადოება
სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა

1-dasaqmeba-sazogadoeba-3თბილისი, 9 ივლისი, საქინფორმი. დღეიდან სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა იწყება, რომელიც 9 ნოემბრამდე გაგრძელდება. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე მოქალაქეობის არმქონე პირებს. სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირება 15 წლის ასაკიდანაა  შესაძლებელი, თუმცა 15-დან 18 წლამდე პირებს ამისთვის მეურვის თანხმობა დასჭირდებათ.

დასაქმების პროგრამით სარგებლობის უფლება არ ექნებათ პირებს, რომლებიც არ იმყოფებიან ოჯახში 12 თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში, ყაზარმებში მცხოვრებ სამხედრო პირებს, მათ შორის, წვევამდელებს და საპატიმროებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, თავშესაფრებში, პანსიონატებში, სააღმზრდელო და სხვა ინსტიტუციურ დაწესებულებებში მყოფ პირებსა და სკოლის მოსწავლეებს.

პროგრამის ფარგლებში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის კითხვარების ფორმები დაიბეჭდება. კითხვარებს მოქალაქეებს ადგილზე შეავსებინებენ. მოქალაქეებთან ვიზიტი კი ელექტროენერგიის სააბონენტო ნომრის მისამართების მიხედვით მოხდება. სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 10 ივლისამდე უნდა მიაწოდოს ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა – აბონენტთა სია.

ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10 ივლისამდე ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელ დევნილთა ოჯახების სია უნდა მიაწოდოს.

სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა სამინისტროებმა, სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა და სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, უნდა უზრუნველყონ. პროგრამისთვის ხელშეწყობას სთხოვენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსაც.

ამის შემდეგ უკვე სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზა შეიქმნება და მასში არსებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული სამინისტროებისა თუ უწყებებისთვის.

სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა ნებაყოფლობითი და უფასოა.

სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამას სოციალური მომსახურების სააგენტო განახორციელებს, რომელიც უფლებამოსილი იქნება პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტები მიიღოს.

დასაქმების მსურველთა ბაზა საბოლოოდ დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატს გადაეცემა.