საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი: „ივანიშვილი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი ალტერნატივაა!“

1-zurabiS-sazogadoeba3თბილისი, 13 ივლისი, საქინფორმი. პარტია „საქართველოს გზის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც 2010 წლის ნოემბერში წარუმატებელი პოლიტიკური ბრძოლის შემდეგ დატოვა საქართველო, ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა და კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ა.წ. 12 ივლისს საქართველოში მისი ხანმოკლე ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მისი შეფასებით, საქართველოში ძალიან სერიოზული და შემაშფოთებელი სიტუაციაა და საზღვარგარეთიდან ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს. ერთი მხრივ, ამჟამინდელი მთავრობის ლობისტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ საქართველო შოვინისტების, ჩამორჩენილი, არატოლერანტული, საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ხალხის ქვეყანაა, რომელიც უმცირესობებს ჩაგრავს, და ერთადერთ პროგრესულ ძალად, რომელიც ქვეყანას ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს, მმართველ პარტიას ასახელებენ. მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობა ცდილობს, ხალხს ჩაუნერგოს აზრი, რომ დასავლეთი ქართულ ფასეულობებს ებრძვის და საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მხარს უჭერს, – განაცხადა ზურაბიშვილმა“, – იუწყება regnum.ru.

ამ მთავრობამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ტერიტორიები გაწირა, ახლა კი ცდილობს, ხაზი გადაუსვას საქართველოს ისტორიას და იერსახეს, რათა ხელისუფლებაში ყოფნა გარკვეული ხნით გაიხანგრძლივოს, – დააზუსტა მან.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამჯერად ის ცოტა ხნით ჩამოვიდა და მალევე გაემგზავრება, რათა საქართველოს საკეთილდღეოდ საქმიანობა საზღვარგარეთ განაგრძოს. ჩამოვედი, რადგან დუმილის დრო დამთავრდა, მინდა, საჯაროდ გამოვუცხადო მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას... ეს ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი ალტერნატივაა, ამიტომ უნდა დავეხმაროთ ამ ძალას გამარჯვებაში და მოვიშოროთ ის სიმსივნე, რომელიც ქვეყანაში გავრცელდა, – განმარტა ზურაბიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ეს ივანიშვილთან მისი პირველი შეხვედრა იყო და აღმოჩნდა, რომ მათი შეხედულებები ბევრ რამეში ემთხვევა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ისინი შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე ის განაგრძობს საქმიანობას იქ, სადაც ამჟამად მუშაობს (გაეროში). ის არ იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მისი გვარი არ გამოჩნდება კოალიციის პარტიულ სიებში, მაგრამ მომავალ სახელმწიფო მოღვაწეობას არ გამორიცხავს. „შევთანხმდით, რომ სახელმწიფო მოღვაწეობას მაშინ შევუდგები, როცა ამისი დრო მოვა, ეს დრო კი, გარწმუნებთ, ძალიან მალე დადგება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.