პოლიტიკა
მოსკოვი გმობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას საქართველოზე

1-moskva-osuzhdaetთბილისი, 16 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელშიც გამოყენებულია „უკვე მრავალგზის გამოცდილი პროპაგანდისტული კლიშე“ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თაობაზე.

14 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ მისი დელეგაცია ამ „ტენდენციური დოკუმენტის“ მიღების წინააღმდეგი იყო.

„გვიწევს იმის კონსტატაცია, რომ ასამბლეის დეპუტატების უმეტესობას კვლავაც არ სურს, ობიექტურად აღიქვას კავკასიაში დღეს არსებული სიტუაცია. ასეთი მიდგომა, სამწუხაროდ, ეუთოს ამ სტრუქტურას ართმევს შესაძლებლობას, კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისათვის: 9 ივლისს მიღებული რეზოლუცია, რომელიც მოსკოვის მსგავსად დაგმეს სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებებმა თავიანთ განცხადებებში, ასევე მოუწოდებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუბრკოლებლად“ დაშვებისა და საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენისკენ.