საზოგადოება
თარგამაძე: „ვამაყობ, რომ ჩვენ ავაშენეთ პარტია, რომელიც ფულზე არ იყიდება!“

1-targamaZe-sazogadoe1თბილისი, 16 ივლისი, საქინფორმი. „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ (ქდმ) ქუთაისის სპორტის სასახლეში მხარდამჭერთა შეკრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.

რამდენიმე თვის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, რომლის ლიდერიც გიორგი თარგამაძე მას ეროვნულ, პროდასავლურ, პატრიოტულ პოლიტიკურ ძალად აფასებს, მესამე ყველაზე პოპულალური პოლიტიკური პარტიაა საქართველოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ შემდეგ, თარგამაძემ განაცხადა, რომ ქდმ სერიოზულ პოზიციებს დაიკავებს მომავალ პარლამენტში წარმომადგენელთა რაოდენობის მხრივ.

ჩვენ ერთი დღისთვის არ ვართ პოლიტიკაში მოსული. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ინტერესი“, – განაცხადა მან.

მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენ ავაშენეთ პოლიტიკური პარტია, რომელიც არ იყიდება ფულზე“, – განაცხადა თარგამაძემ.

ეს განცხადება, სავარაუდოდ, იმ პოლიტიკურ პარტიებს ეხებოდა, რომლებიც ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ და რომელთაც ოპონენტები იმაში ადანაშაულებენ, რომ ისინი ივანიშვილთან მატერიალური ინტერესის გამო იმყოფებიან. ივანიშვილი და მისი მოკავშირეები კი ქდმ-ის ფსევდოოპოზიციონერობაში სდებენ ბრალს.

ქდმ-ის კამპანიის მთავარი თემა სოციალური საკითხები იქნება. პარტიის ლიდერმა განუცხადა მხარდამჭერებს ქუთაისში, რომ პარტიის პროგრამა დაეფუძნება დევიზს: მოზარდებს განათლება, მშობლებს დასაქმება და ხანშიშესულ მოქალაქეებს დაფასება“.

ქდმ-მ პირობა დადო, რომ 900 ლარამდე გაიზრდება სკოლის მასწავლებლების ხელფასები და შემცირდება კომუნალური გადასახადები.

ქდმ-ის ლიდერმა უმუშევრობის პრობლემის მოგვარება ელექტროენერგიის ტარიფების შემცირების საჭიროებას დაუკავშირა და განაცხადა, რომ ეს მცირე ბიზნესის გაძლიერებას დაეხმარება. კომუნალური გადასახადების შემცირება ქდმ-ის კამპანიის მთავარი ნაწილი იყო 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების წინაც.

კერძოდ, ქდმ გამოდის ინიციატივით, რომ მოხდეს ორი ელექტროგამანაწილებელი კომპანიის გამოსყიდვა. ესენია: თელასი, რომლის აქციების 75%-ს რუსული „ინტერ რაო“ ფლობს, ხოლო 24.53% სახელმწიფოს მფლობელობაშია, და „ენერგო-პრო საქართველო“, ჩეხური კომპანია „ენერგო პროს“ ადგილობრივი ფილიალი, რომელიც თბილისის გარეთ 864 000 აბონენტს აწვდის ელექტროენერგიას.

ამის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე გზა სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ინვესტიციების ჩადება და, მათ შორის, თელასის და ენერგო-პროს აქციების გამოსყიდვა“, – განუცხადა თარგამაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.

ცნობისათვის: კომუნალური გადასახადების შემცირება ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებასაც წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით ხმებიც კი გავრცელდა, რომ მილიარდერი პოლიტიკოსი თელასისა და თბილისში გაზგამანაწილებელი კომპანიის ყიდვას აპირებს.