აქტუალური
საქართველოს პარლამენტი ქუთაისში ეტაპობრივად გადადის

1-parlam-aqtualur3თბილისი, 17 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტი ქუთაისში გადასვლის პროცესს იწყებს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის აპარატის უფროსი დავით ჯანიაშვილი კომიტეტების, აპარატებისა და პარლამენტის სამსახურების უფროსებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა მაკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის გადასვლის პროცესს გარკვეული ეტაპები სჭირდება – გადასატანია მასალები, არქივი, აპარატურა და ა.შ. მისი თქმით, შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს, თუ რა ვადა დასჭირდება ამ პროცესს.

რაც შეეხება ადამიანურ რესურსს, გიგაურის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არის დადგენილი, თუ რამდენი თანამშრომელი გადავა ქუთაისში სამუშაოდ. „აპარატის ხელმძღვანელობა ყველა თანამშრომელს სთავაზობს, რომ ქუთაისში იმუშაონ, ვინ წამოვა და ვინ არა, ეს მათ ნებაზეა დამოკიდებული“, – დასძინა გიგაურმა.

პარლამენტის თბილისის შენობა ჯერჯერობით გაყიდული არ არის. მის ნაწილში უკვე გადავიდა „საპარტნიორო ფონდის“ ოფისი, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ხელმძღვანელობს.

ცნობისათვის: კონსტიტუციის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტმა მუშაობა უკვე ქუთაისში უნდა დაიწყოს. საპარლამენტო არჩევნები კი ოქტომბერში ჩატარდება.