აქტუალური
სააკაშვილი პარტიების ქცევის კოდექსის მომხრეა

1-saak-aqtualur3თბილისი, 18 ივლისი, საქინფორმი. პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხპუნქტიან დეკლარაციას, რომელიც მოუწოდებს პარტიებს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ქცევის კოდექსზე შეთანხმდნენ.

„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის ინიციატივა, რომლითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიდა. ინიციატივა, რომელიც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს უწესებს თამაშის წესებს და თანაბარ პირობებს სთავაზობს საარჩევნო კამპანიის მთელ პერიოდში. მოხარულები ვართ, რომ პოლიტიკურ პარტიათა აბსოლუტურმა უმრავლესობამ გაიზიარა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ შეუერთდეს აღნიშნულ ინიციატივას“, – განაცხადა პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის, „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „ახალმა მემარჯვენეებმა“ განაცხადეს, რომ ისინი შეუერთდებიან დეკლარაციას.

ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მართალია, თავად იდეა ასეთი დეკლარაციის შესახებ მისაღებია, მაგრამ მისი შემუშავების პროცესში ჩართულები უნდა იყვნენ როგორც სხვა პარტიები, ისე სამოქალაქო სექტორი. კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა 16 ივლისს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფს უკვე დაწყებული ჰქონდა მუშაობს ასეთი დოკუმენტის შემუშავებაზე და მმართველი პარტიის 14 ივლისის განცხადება პროცესის მითვისების და მისი ჩაშლის მცდელობას უფრო ჰგავდა.

კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა განაცხადეს 16 ივლისს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ქცევის წესები პარტიებს შორის დიალოგის გზით შეთანხმების საგანი უნდა გახდეს და მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების პრინციპები არ იყოს ნაკარნახევი მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან. განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთავაზებული პრინციპები არ არის საკმარისი პროცესის რეალური გაჯანსაღებისათვის და სანაცვლოდ პოლიტიკურ პარტიებს შესათანხმებელ საკითხთა უფრო ფართო ნუსხა შესთავაზეს.

მმართველმა პარტიამ უარყო „ქართული ოცნების“ ბრალდებები ინიციატივის მითვისების თაობაზე როგორც სრულიად უსაფუძვლო და განაცხადა, რომ პროცესი ღიაა. აკაკი მინაშვილმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია დეკლარაციასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, დოკუმენტთან შეერთებაზე უარს ნიშნავს და წარმოადგენს მცდელობას – ეს პროცესი გაიწელოს. მან, ასევე, განაცხადა, რომ კამპანია „ეს შენ გეხებას“ პოზიციაც, შეიძლება მათდა უნებურად, გარკვეულწილად, ასევე,  ხელს უწყობს პროცესის გაწელვას. მან უკმაყოფილება გამოთქვა, რომ „ეს შენ გეხებას“ განცხადებაში არ არის ნახსენები ორ საკითხი, რომლებზეც მმართველი პარტიის ოთხპუნქტიან დეკლარაციაშია საუბარი. ესენია: სიძულვილის ენის გამოყენებაზე უარის თქმა და ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე პასუხისმგებლობის აღება.