საზოგადოება
სააკაშვილი: „ნატოში გაწევრების საქმეში თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია“

1-saak-alm-sazogad1თბილისი, 19 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქეთის თავდაცვის მინისტრ ისმეთ ილმაზს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები ყველა სფეროში, მათ შორის, თავდაცვის კუთხით დინამიკურად ვითარდება.

„თქვენ იცით, რომ 2014 წელი ნატოს გაფართოების წლად გამოცხადდა და საქართველოს ნატოში გაწევრების რეალისტური შანსი უკვე გაუჩნდა. ეს ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს და თურქეთი არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ნატოში გაწევრების საქმეში. ამისთვის ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ, რადგან ეს არის ისტორიული შანსი საქართველოსთვის, რეგიონისთვის, ჩვენი კეთილმეზობლობისთვის, რომ საქართველო იყოს დაცული ამ დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში და ჩვენ თვითონ ვიყოთ მისი სრულუფლებიანი მონაწილე. ბოლო პერიოდში ეს უფრო რეალისტური გახდა, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს, ასევე, მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ყველაზე რთულ წლებშიც კი არ შეწყვეტილა.

„ყველაზე რთულ წლებში, მათ შორის, 2008 წლის შემდეგ, თურქეთთან არცერთ სფეროში არ შეწყვეტილა თანამშრომლობა, განსაკუთრებით კი, თავდაცვის სფეროში. ბევრ ქვეყანასთან საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის კუთხით დაბლა ჩავიდა და ახლა ისევ ავიდა, მაგრამ იშვიათი გამონაკლისი იყო თურქეთი, რომელთანაც არცერთი დღე არ შეჩერებულა თანამშრომლობა. პირიქით, უფრო გაცხოველდა და ინტენსიური გახდა. ეს იყო თურქეთის მხრიდან რეალური მხარდაჭერის, რეალური მეგობრობისა და კეთილმეზობლობის გამოხატულება“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ცნობისათვის: თურქეთის თავდაცვის მინისტრი ისმეთ ილმაზი საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ისმეთ ილმაზმა შეხვედრა გამართა ქართველ კოლეგა დიმიტრი შაშკინთან, მოგვიანებით კი გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.