რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქი თავის ქადაგებაში საპარლამენტო არჩევნების საკითხს შეეხო

1-patriaqr--politika2-religთბილისი, 30 ივლისი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი  და უნეტარესი ილია მეორე თავის საკვირაო ქადაგებაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნების საკითხს შეეხო.

საქარველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა ყველა მხარეს სთხოვა, რომ კამათის თუ საუბრის დროს ნუ მიაყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას და მოთმინება იქონიონ.

„მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები და მე ვთხოვ ყველას, იქონიოთ სიბრძნე, მოთმინება და ისეთი სიტყვა არ თქვათ, რომ მერე შეგრცხვეთ. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც ადამიანს შეუძლია როგორც ბევრი სიკეთე, ისე ბევრი ბოროტებაც გააკეთოს. ადამიანს, რომელსაც აქვს ძალაუფლება, შეუძლია ბევრი სიკეთე და ბევრი ბოროტება გააკეთოს, ამიტომ შევთხოვთ უფალს, რომ ყველას სიკეთე აკეთებინოს. უფალი იყოს ჩვენი მასწავლებელი, წინამძღვარი. თუ ჩვენ გვექნება იმედი და მივენდობით ღვთის ნებას, ყველაფერი კარგად იქნება“, – ბრძანა ილია მეორემ.

კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა ადამიანის ცხოვრებაზეც და აღნიშნა, რომ ეს ურთულესი პროცესია და არ შეიძლება მარტივად წარმოვიდგინოთ ადამიანის ცხოვრება. „ადამიანი ვერ მისწვდა და ვერც მისწვდება ბოლომდე, თუ რა არის მისი სულიერი და ფიზიკური არსი, თუმცა შეიძლება ეს არც იყოს საჭირო. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ღვთის არსი და ღვთის განგება მიუწვდომელია. ყოველი ჩვენგანის ცხოვრება არის გამოცდა. განსაკუთრებით ახლა, ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც ყოველი დღე გამოცდაა“, – დასძინა უწმიდესმა და უნეტარესმა.