აქტუალური
სიახლე მანქანების პარკირების წესებში

1-parkir-aqtualur2თბილისი, 1 აგვისტო, საქინფორმი. დღეიდან თბილისში ავტომფლობელთათვის პარკირების ახალი წესი ამოქმედდება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თბილისში პარკირების სპეციალური 315 ადგილი გამოიყო, სადაც დაიდგმება შესაბამისი ნიშანი და მხოლოდ ამ კატეგორიის მქონე მძღოლებს ექნებათ იქ პარკირების საშუალება.

ავტომფლობელს უნდა ჰქონდეს თბილისის მერიის მიერ გაცემული სპეციალური საშვი. საშვის უქონლობის შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება 10 ლარით და მის მანქანას სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე გადაიყვანენ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საშვებს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური გასცემს სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

სტიკერი გაიცემა უსასყიდლოდ, ორი წლის ვადით და საშვი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ავტომობილზე, რომელზეც აღნიშნული საშვი გაიცა.

საქინფორმი დაინტერესდა და დედაქალაქის მერიას მიმართა – როგორც უნდა წარადგინონ ინვალიდებმა შესაბამისი პაკეტი მერიაში – თავისუფალი გადაადგილების შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთ განა არ შეექმნებათ  დამატებითი პრობლემები და რატომ შემოიტანეს ეს წესი დღეიდან მოულოდნელად – წინასწარი გაფრთხილების გარეშე? თუმცა, ჩვენმა ჟურნალისტებმა ამ კითხვებზე

დამაჯერებელი პასუხი ვერ მიიღეს – ისინი „სითი-პარკში“ გადაამისამართეს, რომლის მფლობელობაშიც არის დედაქალაქის ყველა ავტოსადგომი. არც ამ კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირება მოხერხდა...