პუბლიკაციები
აშშ-ში საქართველოს ყოფილი საპატიო კონსულ ლაშა დარბაიძის ინიციატივა

1-analit2-TOPPPთბილისი, 3 აგვისტო, საქინფორმი. საქინფორმი სთავაზობს მკითხველს  ნიუ-ჯერსიში საქართველოს ყოფილი საპატიო კონსულ ლაშა დარბაიძის განცხადებას, რომელიც გაზეთმა  „ასავალ-დასავალმა“ გამოაქვეყნა:

„მინდა, გითხრათ ერთი მნიშვნელოვანი რამ. დიდი ხანია, ემიგრანტები აქტიურად ვეძებთ გზებს, თუ როგორ შეიძლება დავუდგეთ ჩვენს ქვეყანას გვერდით და აი, ასეთი გზა მოვძებნეთ. მე ახლა ვამბობ იმას, რაც ჯერ არსად განმიცხადებია. მინდა, მივაწოდო იდეა ყველა იმ ადამიანს, ფონდს და ორგანიზაციას, რომლებიც საქართველოში პოლიტიკურად დევნილ ადამიანებს ემსახურებიან. ეს იდეა არის ძალიან მარტივი და ძალიან ეფექტური, რომელსაც ვერც დააყადაღებენ და ვერც გააუქმებენ.

მივმართავ ფონდ „ქომაგს“ და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელთაც ასე ებრძვის ხელისუფლება. საჯაროდ გამოაქვეყნონ და მოგვაწოდონ ყველა იმ ადამიანის სია, ვისაც ფინანსური დახმარება სჭირდება, ვინც დაკარგა სამსახური და არის ხელისუფლების ტერორის ქვეშ, განიცდის დევნას. ჩვენ მოვნახეთ გზა, თუ როგორ შეიძლება სრულიად კანონიერ და სამართლებრივ ფორმატში ქართველი ემიგრანტები ამ ადამიანებს დაეხმარონ.

თითოეულ იმ ადამიანს, რომლის მონაცემებსაც მოგვაწვდის ფონდი „ქომაგი“, კონკრეტული ქართველი ემიგრანტი ამერიკაში, კანადაში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში ან სხვაგან (იმ ქვეყანაში, სადაც ეს ემიგრანტი იმყოფება) გაუხსნის საბანკო ანგარიშს. თითოეულ გახსნილ ანგარიშზე ჩვენ მივიღებთ საბანკო ბარათს, რომელსაც ფოსტით გავუგზავნით საქართველოში მას, ვის სახელზეც ანგარიში გაიხსნა, ამ ბარათზე ყოველთვიურად დაირიცხება დახმარება და მფლობელს მისი მიღება შეეძლება საქართველოს ნებისმიერ ბანკში ან ბანკომატში. საქართველოს ხელისუფლება ამის დაბლოკვას ვერ შეძლებს, რადგან მაშინ მთლიანად უნდა დაბლოკოს საქართველოს საზღვრები, ბანკები, ბანკომატები, საფინანსო სტრუქტურები...

სწორედ ასე ვეხმარებით ჩვენ ჩვენს მშობლებს, შვილებს, ნათესავებს და ასე დავეხმარებით სრულიად საქართველოს. ეს არის დახმარების ყველაზე მარტივი ფორმა, რომელიც სრულიად კანონიერია და ვერავინ დააყადაღებს“.