რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ივანიშვილის ადგილას სააკაშვილს ვკითხავდი...“

1-analit-NEW-redსააკაშვილის „ნაცმოძრაობა“ – ივანიშვილის „ქართული ოცნება“: ვინ – ვის? აი, შეკითხვა, რომელიც დღეს საქართველოში უმთავრესია.

თუ სოციალურ ქსელ „Facebook“-ში და „IPN“-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგებს გავითვალისწინებთ, დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილი, ხოლო „IRI“-სა და „NDI“-ს გამოკითხვებში მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს. თუმცა აქაც, თუ ივანიშვილის მომხრეთა ხმებს იმ გამოკითხულთა პროცენტულ რაოდენობას მივამატებთ, რომლებიც თავიანთ პოლიტიკურ არჩევანში „ჯერ ვერ გარკვეულან“ (მათი უმრავლესობა – ეს ივანიშვილის პოტენციური ელექტორატია, რომელიც მოქმედი ხელისუფლების მხრიდან შესაძლო პრობლემების თავიდან ასარიდებლად პოზიციას წინასწარ არ აფიქსირებ), გამარჯვება აქაც „ქართული ოცნების“ მხარესაა.

მეორე მხრივ, ადმინისტრაციული რესურსისა და  PR-ხელოვნების თვალსაზრისით პრეზიდენტი სააკაშვილი მთელ „ქართულ ოცნებას“ „ბეჭებზე დასცემს“: ვისაც ივანიშვილის გუნდში პოლიტიკური გამოცდილება აქვს – ხალხში არც ისე პოპულარულია (სავარაუდო კანდიდატები პარტიული სიით), ხოლო ახალ სახეებს („ქართული ოცნების“ ინტელიგენტ მაჟორიტარებს) PR-კამპანიის წარმოების გამოცდილება არ გააჩნიათ. 

აუცილებელია, აგრეთვე, აღინიშნოს, რომ ოქტომბერში ქართული ოცნების მრავალრიცხოვანი მომხრეები ხმას მისცემენ არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ საკუთარ უკეთეს მომავალს ქართულ ოცნებას ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით!* ამიტომ ივანიშვილის იმედი მხოლოდ ქართველი ხალხის სიბრძნეზე, რომელიც თვითონ გააკეთებს სწორ არჩევანს, ივანიშვილის მხრიდან უფრო აქტიური PR-დარტყმების მნიშვნელობის უგულებელყოფა  გამოცდილ, ენერგიულ და ძალზედ ვერაგ მოწინააღმდეგეზე (თავდაცვის ტაქტიკიდან - თავდასხმაზე გადასვლა, ხელისუფლების უფრო პროფესიულ კრიტიკა მასმედიაში, აქციებზე ბიძინას საჯარო გამოსვლებ) ოპოზიციური კოალიციისთვის უკიდურესად სახიფათოა.

კონკრეტული მაგალითი: ვინ, თუ არა ბიზნესმენმა და ბანკირმა ივანიშვილმა იცის, რომ ნებისმიერი ხელშეკრულება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მთავრდება პუნქტით ფორსმაჟორი, ანუ ითვალისწინებს გაუთვალისწინებელ ფორსმაჟორულ გარემოებებს, რომლის დროსაც მხარეებს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს? ფორსმაჟორულ გარემოებებს განეკუთვნება ე.წ. დაუძლეველი ძალის მოვლენები (ანუ რომლებსაც ხელშეკრულების მხარეები წინ ვერ აღუდგებიან): სტიქიური უბედურებები და კატასტროფები, სამხედრო მოქმედებები და ტერაქტები, გაფიცვები, რევოლუციები, ნაციონალიზაცია და სხვა.

ივანიშვილის ადგილას პრეზიდენტ სააკაშვილს ყველას გასაგონად ვკითხავდი: ბატონო პრეზიდენტო! განა კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში სტიქიური უბედურება არ მოხდა, ფორსმაჟორული სიტუაცია არ შეიქმნა?! მაშ რატომ გადაუვადე დაზარალებულებს საბანკო კრედიტების პროცენტებით გადახდა მხოლოდ ერთი წლით და საერთოდ არ გაუუქმე ისინი? განა მათ ბანკებთან დადებულ ხელშეკრულებებში არ იყო პუნქტი ფორსმაჟორი, არ იყო  გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის მოვლენები?!

რა თქმა უნდა, საბანკო სექტორი რომ არ დაზარალდეს, სახელმწიფოს შეუძლია, სარეზერვო ფონდიდან ბანკებს სესხის ძირითადი თანხა (უპროცენტოდ) გადაუხადოს, თუმცა ნებისმიერი ბანკი კრედიტის გაცემისას საკუთარ მომგებიან კერძო ბიზნესს აწარმოებდა, აქედან გამომდინარე შეგნებულად მიდიოდა ფორსმაჟორულ რისკზე, ხოლო სადაც მოგებაა, იქ ზარალიცაა

ივანიშვილის ადგილას სააკაშვილს ვკითხავდი: მიხეილ ნიკოლოზის ძევ! რატომ არჩევნებამდე 2 თვით ადრე, მას შემდეგ, რაც ხმა გავრცელდა, რომ ივანიშვილს შპს „თბილწყალის“ შეძენა სურს, შპს „საქართველოს წყალმომარაგების გაერთიანებულმა კომპანიამ“ ახალი აქცია დაიწყო სახელწოდებით „გადაიხადე მხოლოდ 50%“, რომლის ფარგლებში 2010 წლიდან დღემდე დავალიანების მქონე აბონენტებს გადასახადი გაუნახევრდებათ? თუ გავითვალისწინებთ, რომ აქცია 18 ივლისს დაიწყო და 1 ოქტომბერს დასრულდება**, რა არის ეს, თუ არა წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვის მიზნით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება?!

ივანიშვილის ადგილას სააკაშვილს ვკითხავდი: მიშა, ძვირფასო! შენი ჩინოვნიკები მთავარი პროკურატურიდან და კონტროლის პალატიდან „საშინლად განიცდიდნენ“ ჩემი ძმის კომპანია „ელიტა-ბურჯის“ გამო, რომელმაც განსაკუთრებული მოგების გარეშე, მოსახლეობისათვის შეღავათიანი პირობებით (თვეში 5 ლარი) დადო ხელშეკრულებები სატელიტური ანტენების გამოყენებაზე. ახლა რატომღა არ განიცდიან ისინი სახელმწიფო კომპანიის შპს საქართველოს წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანიის“ – გამო, რომელიც ზემოხსენებული აქციის შედეგად 5-მილიონიან ზარალს ნახავს?!

ივანიშვილის ადგილას სააკაშვილს ვკითხავდი: როგორ მიგაჩნიათ, საბიუჯეტო თანხების ხარჯვა:

– ორ პროგრამაზე – უმუშევართა აღრიცხვის და იძულებით გადაადგილებულ პირთა მოთხოვნილებების დადგენის, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარით ფინანსდება;

– სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე, რომლის ფარგლებში 25 ათასი სტუდენტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500-500 ლარს მიიღებს;

– პროექტზე „ლიდერი-2012“, რომლის ფარგლებში 80 ათასი სტუდენტი უფასოდ ჩაჰყავთ საკურორტო ქალაქ ანაკლიაში და იქ ტრენინგებს უტარებენ;

– 1000-ლარიანი ვაუჩერების დარიგებაზე სტუდენტებისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან მათი პროფესიული განათლებისთვის;

– პენსიების გასაზრდელად და სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის გასაფართოებლად 2012 წლის სექტემბრიდან;

– „მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის“ დაფინანსების უპრეცედენტო გაზრდაზე (309%-ით) მაისში მიღებული ბიუჯეტის ცვლილებების თანახმად;

და სხვა მსგავს ინიციატივებზე საპარლამენტო არჩევნებამდე ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვა ხომ არ არის? 

ბიძინა ივანიშვილის ადგილას მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მთავარს ვკითხავდი: როგორც იცით, დღეს მსოფლიოში სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარების ორი ძირითადი მოდელი არსებობს: კაპიტალისტური, თავისი ლიბერალურ-ბურჟუაზიული იდეოლოგიით; და სოციალისტური, პროლეტარულ-კომუნისტურით. მესამე მოდელი არ არსებობს.

კაპიტალისტური მოდელი (მეტ-ნაკლებად განვითარებული) რუსეთსა და საქართველოში უკვე იყო, მაგრამ, როგორც იქ მცხოვრები ხალხებისათვის მენტალურად უცხო ოქტომბრის რევოლუციამდე მივიდა (ისევ ოქტომბერი...). ლიბერალურ დასავლეთში კაპიტალისტური მოდელი დღემდე შენარჩუნდა, მაგრამ იქაც კრახისკენ მიდის – პერმანენტული ომები, ეკონომიკური კრიზისი და კრიზისი საზოგადოების, რომელიც დაუოკებელ მომხმარებლობას (კონსუმერიზმს) მიეჩვია.

უკან დავბრუნდეთ: მაშინ რუსეთი და საქართველო ერთიანი სახელმწიფოს – საბჭოთა კავშირის, შემადგენლობაში განვითარების სოციალისტურ გზას დაადგნენ და დასახულ იქნა აბსოლუტურად მკაფიო მიზანი – კომუნიზმის აშენება.

ბატონო საქართველოს პრეზიდენტო! თუ სოციალიზმი და კომუნიზმი ცუდია და ამაზე უარი უნდა ვთქვათ, რას აშენებთ დღეს თქვენ (მმართველი პარტიით დაკომპლექტებული ხელისუფლება)? კაპიტალიზმს?! მაგრამ ის საქართველოში უკვე იყო (გასული საუკუნის დასაწყისში, თუნდაც ჩანასახოვანი ფორმით). ესე იგი, ჩვენ უკან, წარსულში ვბრუნდებით?! მაშ, უთხარით ამის შესახებ ქართველ ხალხს უკან ვბრუნდებით, გასულ საუკუნეში-თქო!

მაგრამ განა ჩვენი „რევოლუციონერი და რეფორმატორი“ განა აღიარებს, რომ ქვეყანა უკან, წარსულისკენ მიჰყავს?! რა თქმა უნდა, არა! ეს ყოველთვის არაპოპულარულია, განსაკუთრებით – არჩევნების წინ. შედეგად ივანიშვილი, რომელმაც მოწინააღმდეგე ჩიხში მოამწყვდია, ქულებს დაიწერს.

ივანიშვილის ადგილას სააკაშვილს ვკითხავდი: მიპასუხეთ, გეთაყვა – იმ დროს, როცა თვით საქართველოს დასავლეთელი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები აშშ და ევროკავშირი ფარულად გადადიან განვითარების სოციალისტურ რელსებზე (თვითმართვადი ბაზრის სტიქიიდან – ეკონომიკის მართვის სახელმწიფო ცენტრალიზაციისკენ) და ლიბერალიზმის გაცვეთილ იდეებზე უარს ამბობენ, თქვენ რატომ უბიძგებთ საქართველოს ჯიუტად უფსკრულისკენ?! არ შთაგაგონებთ ჩინეთის მაგალითი არნახული ტემპით განვითარებადი სუპერსახელმწიფოსი, რომელსაც არასოდეს გადაუხვევია სოციალისტური, კომუნიზმისკენ მიმავალი გზიდან?!

სააკაშვილი  ვერც ამ კითხვაზე იპოვის პასუხს, ალბათ, მხოლოდ – პოპულისტურს...

მაგრამ სააკაშვილმა შესანიშნავად იცის ქართველი საზოგადოების ნაკლოვანებები და მათ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს: ყველაფერში დამნაშავეა ჩვენი სნობიზმი და ძველი სიყვარული სექონდ ჰენდ*** უკვე გამოყენებული, მოხმარებაში ნამყოფი, მაგრამ უცხოური ნივთებისადმი (შემთხვევით როდია საქართველოში ესოდენ პოპულარული სხვისი ძონძები და ნახმარი ავტომობილები)! აშშ და ევროპა კი მესამე ქვეყნებს განგებ  სთავაზობენ ახლა უკვე იდეოლოგიურ სექონდ ჰენდს (იდეოლოგიას, რომელზეც თვითონ უარი თქვეს!), რათა მუდამ წინ იყვნენ და დანარჩენებზე იბატონონ.

მაგრამ სექონდ ჰენდის დასავლური იდეოლოგია არასოდეს დამთავრებულა ჰეი ენდით****, ამას უკვე მიხვდნენ ვიეტნამსა და სერბეთში, ერაყსა და ავღანეთში, ეგვიპტესა და ლიბიაში, სირიასა და ირანში, ამას უკვე  ხვდებიან საქართველოში...

P.S. ვიმედოვნებ, რომ საქინფორმის მთავარი რედაქტორის ნააზრევს ივანიშვილი არ შეაფასებს, როგორც მასტერ-კლასს, ხოლო სააკაშვილი – როგორც ტრისთვის ინტელექტუალურ მხარდაჭერას. 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი

არნო ხიდირბეგიშვილი 

* ამით ივანიშვილი განსხვავდება განსვენებული პრეზიდენტ გამსახურდიასაგან, რომელმაც თავის დროზე ხმათა 90%-ზე მეტი მიიღო: მაშინ ხმას სწორედ რომ ზვიადს აძლევდნენ და მისი გულისათვის მზად იყვნენ, ქამრებიც კი შემოეჭირათ.  

** საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის 1 ოქტომბერ გაიმართება.

*** სექონდ ჰენდი (ინგლ.”second handმეორე ხელი) ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ნებისმიერ, პირად გამოყენებაში ნამყოფ, ნახმარ ქონებას, იქნება ეს ტანსაცმელი, ავტომობილი, ავეჯი, ჭურჭელი, ან თუნდაც ინფორმაცია, მიღებული არა პირველწყაროსაგან.

**** ჰეფი ენდი (ინგლ.happy ending) – პიესის, ფილმის, რომანის და ა.შ. სიუჟეტის ბედნიერი დასასრული, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ყველა პერიპეტია კეთილად მთავრდება დადებითი, მაგრამ არა უარყოფითი გმირებისთვის. ზღაპრებში ჰეფი ენდი შეიძლება გამოიხატოს სიტყვებით: „და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად!“.