პუბლიკაციები
ფული ძალაუფლების წინააღმდეგ

1-analitikaNEW-qartშემოდგომაზე საქართველოში ახალ პარლამენტს აირჩევენ. სააკაშვილის ბანაკი და მისი კონკურენტის – ბ. ივანიშვილის, კოალიცია აწარმოებენ ძვირადღირებულ საარჩევნო კამპანიებს. ქვეყანაში არსებული განწყობა დაძაბულია და ექსცესების საფრთხე სულ  უფრო მატულობს.

თითქმის ცხრა წელია, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობა ყოველგვარი სირთულეების გარეშე განაგებს საქართველოს ბედს. ამჟამად კი „ვარდების რევოლუციის“ ავტორები დგანან სერიოზული  შიდაპოლიტიკური  გამოწვევის წინაშე. მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა დაქსაქსული ოპოზიციის გაერთიანება კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ და საკუთარი მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების გამოყენებით შექმნა ძლიერი პოლიტიკური მოძრაობა, რომელმაც მოიცვა  ქვეყნის მთელი ტერიტორია, ასევე, ქვეყნის ყველა რეგიონში მოღვაწეობენ მის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები. ხელისუფლება ადანაშაულებს ივანიშვილს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში. სახელმწიფო სტრუქტურები ღებულობენ შესაბამის ზომებს მის და მისი მომხრეების მიმართ. ეს დაპირისპირება გასცდა ქვეყნის საზღვრებს და მას ადგილი აქვს უკვე უცხოეთშიც.

ფარული მოსმენის ოპერაცია შვეიცარიაში

 

მოქმედება ვითარდება ციურიხში, სადაც 11 აპრილს ჩავიდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ივანიშვილის მოკავშირე სოზარ სუბარი თავის ადვოკატთან ერთად. სასტუმრო „მერიოტში“ ისინი შეხვდნენ ქართველ ჟურნალისტს ვახტანგ კომახიძეს. ამ უკანასკნელმა 2010 წელს მიიღო შვეიცარიის მთავრობისგან პოლიტიკური თავშესაფარი მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა თავისი ჟურნალისტური გამოძიება 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შესახებ. ამის გამო ის უფრთხის საქართველოს მთავრობას. საუბარი ამ შეხვედრის დროს შეეხებოდა ივანიშვილის უსაფრთხოებას. შეხვედრიდან რამდენიმე საათში სუბარი და მისი თანმხლები პირი უკან გაფრინდნენ საქართველოში. თუმცა, როგორც გაირკვა, ისინი მარტონი არ ჩამოფრენილან ციურიხში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი ფარულად გაჰყვა მათ და შეეცადა მათი კომახიძესთან შეხვედრის საუბრის მოსმენას. თუმცა,  მათი მოქმედება ძალზედ თვალში საცემი იყო, რის გამოც ისინი დააკავა პოლიციამ. მათ თან აღმოუჩინეს  მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურის სრული კომპლექტი. მას შემდეგ, რაც სამი კვირა დაჰყვეს ციხეში, ისინი გამოძევებულნი იქნენ საქართველოში. შვეიცარიის უშიშროების ორგანოებმა დაადასტურეს მომხდარი ფაქტი ჩვენი გაზეთის (NZZ) თანამშრომლებთან საუბარში.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ხორციელდებოდა თვალთვალი ხელისუფლების მოწინააღმდეგეებზე. 2009 წლის ივნისში მედიასაშუალებებმა აჩვენეს ვიდეოკადრები, რომლებიც გადაღებული იქნა ბერლინის ძვირადღირებულ სასტუმრო ალდონში. მათში ნაჩვენებია, თუ როგორ ელაპარაკება ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შსს ყოფილ მინისტრს, რომლის რეპუტაცია არ არის უზადო. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც მთავრობასთან დაახლოებული მედიასაშუალებები აქვეყნებენ სატელეფონო საუბრების ჩანაწერთა ფრაგმენტებს. ლაპარაკია  სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის.

როგორი შთამბეჭდავიც უნდა იყოს საქართველოს მთავრობის წარმატებები კორუფციის  დაძლევაში და მმართველობითი სისტემისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში, პრეზიდენტ სააკაშვილის რეპუტაცია (ყოველ შემთხვევაში, 2007 წლის შემდეგ), როგორც დემოკრატისა და რეფორმატორის, ძლიერ არის შერყეული. სწორედ აღნიშნულ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარებმა ძალის გამოყენებით დაშალეს ანტისამთავრობო დემონსტრაცია და შტურმით აიღეს ოპოზიციური ტელევიზია. სააკაშვილმა  მაშინ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ასევე, ძალის გამოყენებით დასრულდა 2011 წლის მაისში გამართული დემონსტრაციაც.

სააკაშვილით უკმაყოფილონი

თუმცა, ასეთი დაძაბული ვითარება ქვეყნის შიგნით, როგორიც დღესაა, ჯერ არასდროს ყოფილა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. მაშინ პრეზიდენტი შევარდნაძე მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ იძულებული იყო, გადამდგარიყო. დღევანდელი დაძაბულობის მიზეზი არის ხალხის უკმაყოფილება სააკაშვილის პოლიტიკის მიმართ და მათი იმედები, რომ მილიარდერი ივანიშვილი შეძლებს ცვლილებების განხორციელებას.  გასულ კვირებში ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩაატარა რამდენიმე აქცია, რომლებშიც მიიღო მონაწილეობა ათობით ათასმა ადამიანმა.  სააკაშვილის რეფორმებმა ბევრი ადამიანი აზარალა. ესენი არიან შევარდნაძის დროის პოლიციელები და პროფესორები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და ახლა, რათა ირჩინონ თავი, იძულებულნი არიან, იმუშაონ ტაქსის მძღოლებად და ქუჩის გამყიდველებად. ეს არის, ასევე, იმ რეგიონთა სოფლის მოსახლეობა, რომლებიც ირჩენს თავს თავის ბაღებსა და მინდვრებში აღებული მოსავლით. ამიტომ ივანიშვილმა, რომელმაც რუსეთში 90-იან წლებში  დააგროვა დიდი ქონება, გამოაქვეყნა სოფლის მეურნეობის განვითარების საკუთარი პროგრამა. ის დაჰპირდა საყოველთაო სამედიცინო დაზღვევას და მაღალ პენსიებს. ნეოლიბერალიზმზე ორიენტირებული საქართველოს მთავრობა შეეცადა, არ ჩამორჩენოდა მას და, თავის მხრივ, დაჰპირდა მოსახლეობას ანალოგიური ნაბიჯების გადადგმას. პასუხისმგებლობა ამაზე აკისრია ვანო მერაბიშვილს, რომელიც სულ ახლახან დაინიშნა პრემიერ-მინისტრად. ამ დრომდე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მყოფი მერაბიშვილი ითვლება კარგ მენეჯერად; თუმცა, მისი, ასევე, ბევრს ეშინია. მისი სამინისტრო ითვლებოდა ქვეყნის ყველაზე მძლავრ უწყებად, რომლის დაქვემდებარებაშია ძირითადი სამართალდამცავი ძალები.

ორივე მხარე დღეს ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ უფრო ჭეშმარიტი დემოკრატია და ვის უფრო მეტად შეუძლია ხალხის ინტერესების გამოხატვა. რეალობაში კი ეს არის ბრძოლა, რომელშიც სახელმწიფოს რესურსი უპირისპირდება ერთი მდიდარი პიროვნების ფინანსურ რესურსებს. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ივანიშვილმა გაიღო ქვეყნის აღმშენებლობისთვის 650 მილიონ ევროზე მეტი. თუმცა, ოქტომბერში ის საჯაროდ განუდგა პრეზიდენტს.  ეს მოხდა მას შემდეგ,  რაც მათ შორის წარმოიშვა უთანხმოებები. ამ დროიდან მოყოლებული, ივანიშვილი, ბიზნესმენისთვის დამახასიათებელი შემართებით და სწორუპოვრებით, ბიზნესგეგმის მიხედვით, ესწრაფვის, მოიპოვოს გამარჯვება ოქტომბერში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში და მიიღოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. „მე არ მიყვარს პოლიტიკოსობა“, – აღიარებს ის გულახდილად და გამოიყურება, ამასთანავე, ოდნავ დაღლილად. მისი თქმით, პოლიტიკოსის როლი არ შეესატყვისება მის ხასიათს, მაგრამ  ის ვალდებულია, აკეთოს ეს ქვეყნის გამო, რამეთუ ქართველი ხალხი იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეს ქმედითი დემოკრატიული ინსტიტუტები.

უფასო თანამგზავრული ანტენები

ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა ივანიშვილმა, იყო ის, რომ  ხელისუფლებასთან დაახლოებული ძირითადი მაუწყებლების პარალელურად, შექმნა საკუთარი მედიასაშუალებები. მას ეკუთვნის ერთი გაზეთი,  ინტერნეტის ერთი ვიდეოგვერდი და ერთი ტელემაუწყებელი. მაგრამ, რადგან ერთის გარდა არც ერთმა სხვა საკაბელო ქსელმა არ მოინდომა მისი სატელევიზიო პროგრამის გავრცელება, ერთ-ერთმა მასთან დაკავშირებულმა ფირმამ დაიწყო  თანამგზავრული ანტენების დარიგება. ანტენები ზოგ შემთხვევაში დარიგდა სრულიად უფასოდ, ზოგ შემთხვევაში კი მათზე დაწესდა ძალზე დაბალი გადასახადი. სახელმწიფო კონტროლის პალატამ ჩათვალა ეს ახლად მიღებული საარჩევნო კანონის დარღვევად. მისი გადაწყვეტილებით, იმთავითვე მოხდა ათასობით თანამგზავრული ანტენის ჩამორთმევა და დაწესდა ფულადი ჯარიმები, რომელთა საერთო სიდიდემ, თუ გადავიყვანთ მათ შვეიცარიულ ფრანკებში, გადააჭარბა ათეულობით მილიონ ფრანკს. გადამდგარმა ამერიკელმა დიპლომატმა ჯონ კორნბლუმმა, რომელიც წარმოადგენს ივანიშვილის კოალიციის ინტერესებს ევროპაში, უწოდა ამ გადაწყვეტილებას არაადეკვატური. მისი თქმით, შესაძლოა, რა თქმა უნდა, კაცს გაუჩნდეს ეჭვი იმაში, თუ რამდენად მართლზომიერია თანამგზავრული  ანტენების პრაქტიკულად უფასო დარიგება ამომრჩეველისთვის. თუმცა,  საარჩევნო კანონის დარღვევის შემთხვევაშიც კი, კორნბლუმის აზრით, აუცილებელია თანაზომიერების პრინციპის დაცვა.

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იძაბება სიტუაცია. ივანიშვილის მომხრეები და თანაპარტიელები განუწყვეტლივ ამტკიცებენ იმას, რომ ხელისუფლება ათავისუფლებს, ითხოვს სამსახურიდან მათ ახლობლებსა და ნათესავებს. ხშირად ეს შეეხება მასწავლებლებს. გიგა ბოკერია, რომელიც არის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავჯდომარე, უარყოფს იმას, რომ სკოლებიდან მასწავლებლების დათხოვნა პოლიტიკური მიზეზების გამო ხდება. მისი თქმით, სასკოლო სისტემის რეფორმირების მიზნით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, დათხოვნილ იქნა 20 000 მასწავლებელი. თუმცა, ბოკერია არ გამორიცხავს იმასაც, რომ სკოლის მასწავლებლები შესაძლოა, ასეთ გადაწყვეტილებებს იღებდნენ პიროვნული კრიტერიუმებიდან გამომდინარე. დაწყებული საარჩევნო კამპანიის გამო ივნისის დასაწყისში დროებით შეჩერებულ იქნა ოპტიმიზაციის პროგრამა.

გასულ კვირებში ზოგიერთ რეგიონში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა შეხვედრა, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა ძალადობას. პირადული ხასიათის უხეში შეურაცხყოფა მიაყენეს თვითონ ივანიშვილს, ირაკლი ალასანიას, რომელიც 2008 წლიდან ოპოზიციაში უდგას ხელისუფლებას და ახალბედა პოლიტიკოსს და ყოფილ ფეხბურთელს კახი კალაძეს. საქმე მივიდა გაწევ-გამოწევამდე. ადგილი ჰქონდა ქვების სროლასაც. ოპოზიცია მომხდარზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო უწყების თანამშრომლებს აკისრებს. ამასობაში სახელისუფლებო პარტიამ და ოპოზიციამ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვით, არცერთმა  მხარემ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას არ უნდა მიმართოს ძალადობას.

ექსცესების  შიში

მიუხედავად ამისა, არსებობს იმის შიში,  რომ საქმე შეიძლება მივიდეს ძალადობამდე (განსაკუთრებით, არჩევნების შემდეგ), თუ არჩევნები არ დამთავრდა ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგით. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალასანია კიდევ უფრო შორს წავიდა ამ მხრივ, როდესაც განაცხადა, რომ სიტუაციის განვითარება სამეგრელოში, რომელიც ესაზღვრება სეპარატისტულ აფხაზეთს, შეიძლება მიუახლოვდეს სამოქალაქო ომის მდგომარეობას. მან ბრალი დასდო მთავრობას იმაში, რომ ეს უკანასკნელი აყალიბებს რეგიონში სამხედრო ფორმირებებს და მზადყოფნაში ჰყავს ისინი. თუმცა, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ბოკერიამ კატეგორიულად უარყო სიის არსებობა, სადაც თითქოს  მოცემულია ამ დაჯგუფებების შემადგენლობა და ის შენობები, სადაც ისინი იმყოფებიან. ბოკერიამ მხოლოდ და მხოლოდ დაადასტურა ფაქტი, რომ მთავრობა აყალიბებს სარეზერვო ნაწილებს. მოხალისეები გადიან წვრთნას, რომელიც მოიცავს, ასევე, სროლაში ვარჯიშს. თუმცა, მათი იარაღი ინახება სამხედრო საწყობებში.

ივანიშვილი, თავის მხრივ, გამუდმებით უსვამს ხაზს, რომ სურს ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ  მშვიდობიანი გზით. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა მომხრეებმა დაიცვან კანონი“, - ამბობს ის. თუმცა, მას დიდი მოლოდინი აქვს: საპარლამენტო ადგილების ორი მესამედი, მისი თქმით, უნდა დაისაკუთრონ მის კოალიციაში შემავალმა პარტიებმა.

ისეთი პირი უჩანს ყველაფერს, რომ ორივე მხარე მზად არის, ყველაფერზე წავიდეს, რათა მოიპოვოს გამარჯვება. აქვე გამოჩნდება, თუ რამდენად პატივს სცემენ ეს პარტიები დემოკრატიას.

სილვია შტიობერი, თბილისი.

http://www.nzz.ch/aktuell/international/geld-gegen-macht-1.17444038