საზოგადოება
თბილისი, 14 აგვისტო, საქინფორმი. მაგდა ანიკაშვილი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გორის რაიონ სოფელ მეჯვრისხევს ესტუმრა. იგი სოფლის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობის პრობლემებს პირადად გაეცნო.
ანიკაშვილმა მეჯვრისხევის ამბულატორიაც დაათვალიერა და იქ მომუშავე მედპერსონალს გაესაუბრა.
„ქრისტიან-დემოკრატები“ სოფელში ონკოლოგიური დაავადების მქონე ზაირა ნიკურაძესა და ლაურა მახათაძეს ესტუმრნენ. ანიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს აღნიშნული დაავადების მქონე პაციენტებისთვის დაფინანსების გაზრდა და ასაკობრივი ბარიერის მოხსნა.
„ქრისტიან-დემორკატები“ მოითხოვენ, რომ ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის დაწესდეს განსხვავებული რეჟიმი და მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფა იყოს ულიმიტო.
„მოსახლეობის მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სამედიცინო პოლისები სრულად არ ანაზღაურებს ყველა იმ სამედიცინო მომსახურებას, რაც მოსახლეობისთვის აუცილებელია. ჩვენ ვითხოვთ, სამედიცინო პოლისებში გაიზარდოს მედიკამენტებზე დაფინანსების თანხა, რადგან მედიკამენტების სიაში, ფაქტობრივად, ძალიან ბევრი წამალი, უბრალოდ, არ არის მოხვედრილი“, – განაცხადა ანიკაშვილმა.