რელიგია
ფერისცვალების დღესასწაული

1-feriscvaleba-religia1თბილისი, 20 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ მართლმადიდებელმა ეკლესიამ მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა ჩატარდა.

თბილისში ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა – საღმრთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა  და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებსა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად შეასრულა.

მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდესი დღესასწაულიდან ერთ-ერთია. წმიდა წერილის მიხედვით, თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღვთაებრივი დიდება - ღვთაებრივი ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა, ვიდრე მზის სხივები, რაც მათ სულებს საოცარი სიხარულით და ზეციური სიმშვიდით ავსებდა.

ტაძარში წაიკითხეს წმიდა სახარებიდან ნაწყვეტი, სადაც თაბორის მთაზე უფლის ფერისცვალების შესახებ იყო საუბარი. კერძოდ, იესო ქრისტემ თაბორის მთაზე მისი სამი მოციქული – პეტრე, იაკობი და იოანე წაიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა, გაბრწყინდა. უფალს წმიდა მოსე და წმიდა ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადა, რომლებიც იესო ქრისტეს ჯვარცმის შესახებ ესაუბრებოდნენ. მოციქულებს ზეციდან უფლის ხმაც მოესმათ: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვყავ“.

წამებამდე რამდენიმე ხნით ადრე მაცხოვარმა თავისი სამი მოწაფე – პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე აიყვანა. მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად მაღალ მთაზე განმარტოვდა და ლოცვა დაიწყო. დაღლილ მოციქულებს მიეძინათ. როცა გამოიღვიძეს, დაინახეს, რომ მათ მოძღვარს – იესო ქრისტეს ფერი ეცვალა: სახე მზესავით უბრწყინავდა, სამოსელი კი თოვლივით თეთრი ჰქონდა. მასთან გამოცხადებულიყვნენ მოსე და ილია წინასწარმეტყველნი, რომლებიც საუბრობდნენ იმ საშინელ წამებასა და ქვეყნიურ სიკვდილზე, ქრისტეს რომ ელოდა.

მაცხოვარმა ფერისცვალება ინება იმისთვის, რომ ცხადად ეჩვენებინა მოციქულთათვის და ყველა მორწმუნისთვის საიდუმლო მომავალი ცხოვრებისა.

ფერისცვალებას, ტრადიციულად, ხილს აკურთხებენ, რითაც განიწმინდება ადამის ცოდვით შებილწული ხილი და იგი იბრუნებს იმ სიწმინდეს, რომლითაც ედემის ბაღში იყო მოსილი.