საზოგადოება
სააკაშვილი: „რუსები პირგაღებული დარბიან!“

1-xoni-sazogaad2თბილისი, 23 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ხონის რაიონის სოფელ გორდში მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთთან ურთიერთობებს სახალხო დიპლომატიით დაიბრუნებს.

პრეზიდენტის აზრით, საქართველოში ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის და გაოცებული აკვირდება იმ აღმშენებლობის პროცესს, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს.

„რუსები პირგაღებული დარბიან. ამ თვეებში რასაც ვუყურებ, ყველგან რუსულნომრიანი მანქანები მხვდება, აქაც ამოვა ბევრი. ჩამოვიდნენ თავისუფალ ქვეყანაში! ჩვენ ხალხთან გვინდა ურთიერთობა! ჩვენ ჩვენს დამპყრობელთან არ გვინდა ურთიერთობა, იმიტომ, რომ როდესაც აქ რუსი ტურისტი ჩამოდის, ადამიანურად იქცევა, მაგრამ როდესაც მოდის ტანკით – როგორც მონას, ისე გიყურებს. ამიტომ, ჩვენ გვინდა გვიყურებდნენ, როგორც წარმატებულ ქვეყანას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.