საზოგადოება
მმართველი პარტია ოპოზიციას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს

1-Ciora-sazogadoeba3თბილისი, 24 აგვისტო, საქინფორმი. მმართველ პარტიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მიერ წინასაარჩევნო ვითარების კრიტიკულად შეფასებას იმით ხსნიან, რომ მათთვის კონკრეტული პარტიების ლობისტებისგან მიწოდებული ინფორმაცია შესაძლოა, არაზუსტი იყოს. ამის შესახებ გუშინდელ პრესკონფერენციაზე მმართველი პარტიის სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქმიანობა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარმართოს და თითოეული მოქმედების შესახებ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის, საერთაშორისო თანამეგობრობას, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.

თაქთაქიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოწოდებულია, დარჩენილი დრო წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარმართოს იმგვარად, რომ წვლილი შეიტანოს სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში. მმართველი პარტიის სპიკერის თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ ხაზი გაუსვა წარმატებებს, რომლებსაც საქართველომ 2008 წლის არჩევნების შემდეგ მიაღწია და აღნიშნა, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება.