საზოგადოება
სამართლიანობისთვის სურვილი და პრინციპებია საჭირო და არა – დიდი ინვესტიციები!

1-biZo-sazoga3თბილისი, 27 აგვისტო, საქინფორმი. როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, სამართლიანობისთვის სურვილი და პრინციპებია საჭირო და ამას დიდი ინვესტიციები არ სჭირდება.

„პირველი, რაც უნდა მოხდეს, უნდა აღდგეს სამართლიანობა. ის ტოტალური უსამართლობა, რაც ჩვენს ქვეყანაში სუფევს, წარსულს უნდა ჩაბარდეს. ეს არის აუცილებელი, სწრაფი  და ძალიან იოლი გასაკეთებელი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში ყველაფერი ერთი კაცისგან და ერთი ცენტრისგან განიკარგება. „შედეგი არის გაპარტახებული, დანგრეული სააქართველო. მიტოვებული სოფლები და უამრავი ქართველი, რომელიც საშოვარზე გადაგებული, გაქცეულია საზღვარგარეთ“, – ამბობს ივანიშვილი.

როგორც ივანიშვილმა მოსახლეობასთან ლენტეხში გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პარლამენტი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონს მიიღებს. მისი განცხადებით, ცენტრიდან განისაზღვრება, თუ რა თანხა გადაეცემა რეგიონს, რის შემდეგაც რეგიონის თვითმმართველობა დამოუკიდებლად გადაწყვეტს, რაში დახარჯოს ფული.

ივანიშვილის თქმით, თუ მოსახლეობა უკმაყოფილო იქნება პარლამენტში ან საკრებულოში არჩეული  დეპუტატით, ახალი კანონმდებლობით უფლება ექნება, დეპუტატი გამოითხოვოს.

„უნდა დამთავრდეს ის დრო, როდესაც არჩევნების დროს ჩამოივლიან, დაგპირდებიან და მერე მიდიან და ცდილობენ, არა თუ მოგემსახურონ, არამედ მოგიმსახურონ. ხელისუფლება მოდის იმისთვის, რომ მოემსახუროს ხალხს. თქვენ ფულს უხდით ხელისუფლებას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.