საზოგადოება
„ქართული ოცნების“ აქტივისტები ადიგენში კარვიდან ახალ ოფისებში გადავიდნენ

1-adigeni-sazogaaa1თბილისი, 28 აგვისტო, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ადიგენის შტაბმა საველე პირობებში მუშაობა დაასრულა. კოალიციას დაბაში უკვე ორი ოფისი აქვს. ახალი შტაბის პრეზენტაცია გუშინ ჩატარდა.

კოალიციის შტაბის ხელმძღვანელი დავით ბაციკაძე აცხადებს, რომ კოალიციამ ადიგენში ორი ბინა იქირავა. ორივე მათგანი კორპუსში მდებარეობს და ორივეს მფლობელი ადგილობრივია.

„მეპატრონეებთან ხელშეკრულებები გაფორმებულია, პრობლემები არ შეგვქმნია“, – აცხადებს ბაციკაძე.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ქალბატონი მათ თავად დაუკავშირდა მას შემდეგ, რაც ტელევიზიით კოალიციის კარვის შესახებ შეიტყო. ბაციკაძის განცხადებით, ორივე ბინის მფლობელი უმუშევარია.

როგორც უკვე იტყობინებოდა საქინფორმი, 15 აგვისტოდან დღემდე კოალიცია დაბაში საველე პირობებში მუშაობდა. „ქართულ ოცნებას“ შტაბი ადიგენის პოლიციის რაიონული სამმართველოს გვერდით დადგმულ კარავში ჰქონდა გახსნილი. კოალიციაში აცხადებდნენ, რომ თვე-ნახევრის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ ბინის დაქირავებას – ადგილობრივები ფართის მიქირავებაზე შიშის გამო ეუბნებოდნენ უარს.

„დილით პირობას მოგვცემენ, რომ მოგვაქირაონ, მაგრამ საღამომდე დააშინებენ და უარს ამბობენ“, – აცხადებდა მაშინ დავით ბაციკაძე.

საინტერესოა, რომ კოალიციამ შტაბი ვერც აქტივისტების ბინებში გახსნა, რადგან არცერთი მათგანის საცხოვრებელი მათ სახელზე რეგისტრირებული არ იყო.