პუბლიკაციები
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის წევრი – არჩევნების ფალსიფიკაციის მეთოდებზე

1-analitnew-manana2საქინფორმის სტუმარია – ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის წევრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი არჩევანის“ თავმჯდომარე, ქალბატონი მანანა ბიწაძე-მიქელაძე.

– ქალბატონო მანანა, „ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის“ ერთ-ერთი     წევრი  ბრძანდებით არასამთავრობო სექტორიდან, რაიმე წინააღმდეგობას ხომ არ გიქმნით ეს მუშაობისას, რადგან საზოგადოების ფართო მასებისთვის „კაციტაძის კომისიად ცნობილი კომისია“ და მასში შემავალი ორგანიზაციები „ნაციონალთა“ სატელიტად აღიქმება. არჩევნებიც კარს მოგვადგა და რა ვითარებაა იმ ამომრჩეველთა სიებთან მიმართებაში, რომლითაც  „მოქკავშირიდან“ „ნაციონალებად ქცეული“ ერთი და იგივე  ჯგუფი მანიპულირებს  95 წლიდან და რომელსაც თქვენი კომისია ასწორებს?

 

– წლების განმავლობაში იხვეწებოდა გაყალბების ტექნოლოგიები. გაყალბების მეთოდი ბევრი არსებობს. მათ შორის, ერთ-ერთი წარმატებული მეთოდია არარსებული პიროვნებების მიწერა სხვადასხვა მისამართზე, რაც საკმაოდ მაღალ დივიდენდებს აძლევდა ხელისუფლებას. დღეს კომისიის მეთოდოლოგია ნაწილობრივ იძლევა ამის გაუქმების საშუალებას, კერძოდ, იმავე მისამართზე რეგისტრირებული პირის განცხადების საფუძველზე კომისია უფლებამოსილია, სიიდან ამოიღოს უცნობი პირი, თუმცა ქვეყანაში შექმნილი შიშისა და უნდობლობის ატმოსფეროს გამო (ან სხვა საეჭვო გარემოებათა გამო)  ბევრი მოქალაქე უარს ამბობს განცხადების შევსებაზე, რაც ხელისუფლებას გაყალბების მსუყე ნიადაგს უქმნის.

– არჩევნების დღეს მაგიდაზე ადმინისტრატორს, ფაქტობრივად, თქვენი კომისიის მიერ დაზუსტებული სიები ედება.  მხოლოდ თქვენი  კომისიის 21 წევრს და 11 რეგიონული სამსახურის უფროსს აქვთ უბანზე იმ სამაგიდო სიების შემოწმების უფლება, რაც იგივე  2003 წელსაც არ დაემთხვა რეალურ სიას და რევოლუციის მიზეზიც გახდა. „ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიიდანაც“ მხოლოდ ორმა წევრმა – თქვენ და კახი კახიშვილმა არ მიეცით ამ სიებს ხმა. ეს, ფაქტობრივად, სკანდალია – როცა ასეთი კომისიის ორი წევრი ხმას არ აძლევს იმ სიებს, რომლებითაც  არჩევნები უნდა ჩატარდეს. კომისიაში შემავალ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას ხელისუფლება და ვითომ ოპოზიციური პარტიები ლობირებენ. ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში რატომ არ გიმაგრებთ ზურგს ისეთი ოპოზიციური ფლანგი, როგორიც, თუნდაც,  „ქართული ოცნებაა“ და რომლის დამარცხებისთვისაც, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, გაუარესდა გარემოც და, ფაქტობრივად, შეიცვალა საარჩევნო კოდექსიც?

გასული წლის  ოქტომბრიდან არა მარტო საარჩევნო კოდექსი შეიცვალა, არამედ  ცვლილებები მოხდა მთელ რიგ კანონებში, მათ შორის, ორგანულ კანონში  „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და სისხლის სამართლის კოდექსში. სწორედ ამ ცვლილებების შედეგია დღევანდელი სრულიად არაადეკვატური საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება, სადაც, ერთი მხრივ, ფინანსური მონიტორინგის ფარგლებში ძირითადი ოპოზიციური სუბიექტი „ქართული ოცნება“ თავისი მომხრეებიანად უმძიმეს პოლიტიკურ წნეხს განიცდის კონტროლის პალატისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, მოგელაძის უწყება საეჭვოდ ხუჭავს თვალს „ნაცმოძრაობის“ მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებზე. ასეთი  უსამართლო საარჩევნო გარემო იმის ვარაუდის საფუძველს მაძლევს, რომ ხელისუფლება საარჩევნო სიებით მანიპულირებას კვლავ შეეცდება, მით უმეტეს, რომ გაყალბებისათვის ბევრი ხვრელი არსებობს. პირველ რიგში, როგორც ჩემი ქვეყნის შვილი და შემდეგ  კომისიის წევრი, ყოველგვარი ლობისტების გარეშე ვიდგები სამართლიანობის მხარეს და როგორც კენჭისყრის დღეს, ისე მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში გამოვიყენებ  ჩემს ხელთ არსებულ რესურსებს.  

– სიების უზუსტობასთან დაკავშირებით მამუკა კაციტაძე თავის მართლების ნაცვლად ხშირად თავდასხმის რეჟიმშია. მიუხედავად ამდენი „კარდაკარის“ მიერ გასწორებული სიისა და თქვენი კომისიის მუშაობისა, მოსახლეობაში მაინც დიდია  განცდა, რომ ხმების გაყალბებაში „გამობრძმედილი“ ხელისუფლება ამჯერადაც გააყალბებს არჩევნებს...

– ამაში გასაკვირი არაფერია. წარსულის გამოცდილება სახელმწიფო კომისიების მიმართ, რომელთა საქმიანობა ყოველთვის ხელისუფლების წისქვილზე ასხამდა წყალს, და ზემოაღნიშნული საარჩევნო გარემო საზოგადოებას ნდობის საფუძველს არ აძლევს. არადა, ჩემი აზრით, მთავარი ნდობაა, რადგან,  როგორც ერთმა ამერიკელმა ექსპერტმა კომისიასთან შეხვედრის დროს ბრძანა: „თქვენ შეიძლება დადოთ ბრწყინვალე სია, მაგრამ თუკი ამ სიას არ ექნება საზოგადოებაში ნდობა, ე.ი. თქვენ ფუჭად გიშრომიათ“...

– ქალბატონო მანანა, იქნებ ცალ-ცალკე განგვეხილა ის მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას შეეცდება?  – პირველი, ხელისუფლების „რეფორმატორული პოლიტიკის“ შედეგად ქვეყანაში მომრავლდა უსახლკაროთა რიცხვი, ანუ იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებმაც სხვადასხვა პრობლემის გამო (ძირითადად, საბანკო) გაყიდეს საცხოვრებელი ბინები, ამჟამად კი ქირით ან გირაოთი ცხოვრობენ. თუკი ეს მოქალაქეები არ აიღებენ ახალ პირადობის მოწმობას, ისინი დაკარგავენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, რადგან, მეთოდოლოგიის მიხედვით, მათ ძველი საცხოვრებელი ადგილიდან ახალი მეპატრონეები ამოწერენ და მათი ხმები დაიკარგება.  ასევე, ვერ ხერხდება ახლად აშენებული სახლების მცხოვრებთა უმრავლესობის აღწერა და დაზუსტება, რადგან ბინების უმრავლესობა დაკეტილია ან მიმდინარეობს რემონტი, რის გამოც  დაუზუსტებელი რჩება ამ სახლებში ე. წ. მიწერილი პირების არსებობა.  შეუძლებელია დანგრეულ სახლებსა და არარსებულ მისამართებზე მცხოვრებთა გადამოწმება.  ისინი უცვლელად რჩებიან სიაში და აქაც ვერ ხერხდება მიწერილი პირების დადგენა. ხშირია დამისამართების პროგრამით ქუჩებისთვის სახელის შეცვლის შედეგად წარმოქმნილი ცდომილებაც პირადობის მოწმობასა და ფაქტობრივ მისამართს შორის. ფიქსირდება დუბლირებული მისამართების ფაქტებიც, ანუ ქუჩის გადაკვეთაზე კუთხის სახლებში მოსახლეობა დარეგისტრირებულია ორივე ქუჩაზე ცალ-ცალკე. პრობლემას წარმოადგენს ე.წ. „ატსტუპნიკების“ მდგომარეობაც. უმრავლესობას სასამართლოში აქვს საქმე, სახლის მეპატრონეები კი მათი სიიდან ამოღებას ითხოვენ, რითაც ზემოაღნიშნული მოქალაქეები კარგავენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.  არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა შიდა მიგრაციაც. ცხოვრების გაუსაძლისმა პირობებმა დაცალა სოფლები და მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ქალაქში მოიყარა თავი. კენჭისყრის დღეს მათ რაიონებში რეგისტრაციის ადგილებზე ჩასვლა გარკვეულ სიძნლეებთან, მათ შორის, ფინანსურთანაც იქნება დაკავშირებული. თავისი მხარდამჭერების მომსახურება კი, სავარაუდოდ, ოპოზიციას მხარდამჭერთა მოსყიდვად ჩაეთვლება, რაც ხმების დიდი რაოდენობით დაკარგვას გამოიწვევს. ეს ხმები, სავარაუდოდ, ოპოზიციურ  პარტიებს დააკლდებათ, რადგან ხელისუფლება საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებას, როგორც ყოველთვის, ახლაც მოახერხებს.

– რა მზაკვრობა იმალება .. ID ბარათების უკან, რაც, იმის გარდა, რომ საპატრიარქო რელიგიური მოსაზრებითაც ეწინააღმდეგება მის გაცემას, ამავე დროს, გაყალბების მექანიზმსაც შეიცავს, თუნდაც, ჩინელებითა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების (იგივე ჰოლანდიელი ბურებით)  დასახლებულ რეგიონებში, როცა ძნელი გასარკვევი იქნება ერთი რეგიონიდან მეორეში გადასული არაქართველი ეროვნების ადამიანის მისამართის მიხედვით იდენტიფიკაცია. როგორ უნდა მოხდეს ID ბარათების  მფლობელთა იდენტიფიცირება საცხოვრებელი მისამართის მიხედვით?  

მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უნდობლობით ეკიდება  ე.წ. ID ბარათებს და მათი აღება არ სურთ. აქაც ხმების დაკარგვის საფრთხეა, თუკი ხელისუფალი საპატრიარქოს რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს და მსოფლიოში აპრობირებული მეთოდით ალტერნატიული პირადობის მოწმობის აღების საშუალებას არ მისცემს მოსახლეობას.  საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებების თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებიც დაიბადნენ საქართველოში და ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ აქ, მიეცათ როგორც პასიური, ისე აქტიური საარჩევნო უფლება. რეგულაციის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, ამან შესაძლოა, კენჭისყრის დღეს შექმნას გარკვეული პრობლემები, რადგან რეგისტრატორს გაუჭირდება კანონით დადგენილი მოთხოვნის შესრულება.  

– რას იძლევა „კარდაკარის“ მიერ ოჯახის წევრისგან ან მეზობლისგან მიღებული ინფორმაცია ერთიანი სიის დადგენის თვალსაზრისით და რა „ხვრელებს“ ტოვებს გამოკითხვის ასეთი მეთოდი. სწორედ საზღვარგარეთ გასულ მოქალაქეთა უზომო რაოდენობით დაფიქსირების გამო, გრიგოლ ვაშაძემ გამოსცა ბრძანება, რითაც უცხოეთში ოჯახების სარჩენად გასულ და არალეგალურად მცხოვრებ ასობით ათას ქართველს ხელისუფლება არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ართმევს, თუ ისინი საკონსულოებში არ დარეგისტრირდებიან. „ნაციონალურ საკონსულოებში“ კი ვიცით, რომ ხელისუფლების სასარგებლოდ აყალბებენ ხმებს... 

წლების  განმავლობაში დღევანდელი სახელისუფლებო გუნდი როგორც ადრე, ისე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც, წარმატებით მანიპულირებდა გაყალბების სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფთა მონაცემებით. კომისიის მეთოდოლოგიის მიხედვით, პიროვნების საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტს განცხადებით ადასტურებს ოჯახის წევრი. უარის შემთხვევაში (სხვადასხვა მიზეზით), ძირითადად კი, ქვეყანაში შექმნილი შიშისა და უნდობლობის გამო, კომისია უფლებამოსილია, საზღვარგარეთ მყოფის მონაცემები უცვლელად დატოვოს სიაში. ამიტომ ამ კატეგორიის ამომრჩევლის რაოდენობა რეალურ რიცხვთან  შეუთავსებელია, თუმცა ამ მცირე რაოდენობამ და იმ აქტივობამ,  რაც  საზღვარგარეთ მყოფ  ქართველებში შეინიშნება, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება და ღირსეული ცხოვრება უნდათ, დააფრთხო ნაციონალური ხელისუფლება და კვლავ საკანონმდებლო ცვლილებების საშუალებით ჩვენს მოქალაქეებს შეუზღუდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება – თუ ისინი არ დარეგისტრირდებიან საკონსულოში და არ წარადგენენ ცნობას საცხოვრებელი ადგილიდან, რაც ხიფათის შემცველია მათთვის. მაშინ, როდესაც, როგორც აღვნიშნეთ, კონსტიტუციური ცვლილების  სრულიად ბუნდოვანი რეგულაციით  საარჩევნო უფლება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს დაუკანონდათ და მათი უფლებები გაუთანაბრდა  საქართველოს მოქალაქის უფლებებს. ჩემი აზრით, ეს ნონსენსია.   

– წლობით გაყალბების მექანიზმი იყო  სიებში „მკვდარი სულების“ არსებობა. რა მდგომარეობაა სიებში ჯერ კიდევ არსებულ გარდაცვლილ მოქალაქეთა მიმართებით?

– გარდაცვლილთა სიიდან ამოღებაც, მეთოდოლოგიის მიხედვით, ოჯახის წევრის მიერ კომისიის სახელზე დაწერილი განცხადების საფუძველზე ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, „მასთან კონტაქტი ვერ მყარდება“ და თუ რეესტრი არ შეიტანს შესწორებას, გარდაცვლილი კვლავ სიაში დარჩება. თუმცა ასეთი შემთხვევები, საბედნიეროდ, მინიმალურია.   

თვეების წინ გახმაურდა ფაქტი, როცა მოქალაქეებს (წყლის გადასახადზე) საცხოვრებელ ფართზე უცნობი პირები მიაწერეს. ამ მოქალაქეებმა  ზედმეტი  გადასახადის დაკისრების გამო განგაში ატეხეს. რამდენად მოგვარებულია ეს საკითხი დღეს და დაზღვეული ვართ თუ არა ასეთი მიწერების განმეორებისგან?

– იუსტიციის სამინისტროს მიერ დაშვებული ნორმის საფუძველზე, კომერციული თვალსაზრისით (კერძოდ, წყლის გადასახადის გამო), რეესტრის მიერ 79 ათასი მოქალაქე 2010 წელს თვითმმართველობის არჩევნების დროს ამოყვანილ იქნა სიიდან. ამჟამად ამ მოქალაქეებს აღუდგათ საარჩევნო უფლება  და კომისიის რეკომენდაციით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე, ისინი სიაში დაბრუნდნენ ძველი რეგისტრაციის ადგილებზე და  კენჭისყრის დღეს მათი სია გამოტანილი იქნება ცალკე მგიდაზე. ვფიქრობთ,  ზემოხსენებული ამომრჩევლების სია განსაკუთრებულ ყურადღებასა და გადამოწმებას მოითხოვს, რათა დადასტურდეს, რომ მათში ასევე არ არიან მიწერილი პირები; აუცილებელია  კონტროლი კენჭისყრის დღეს, რაც ხელისუფალს მანიპულაციის საშუალებას აღარ მისცემს. 

ამომრჩეველთა ერთიან სიაში მუდმივად იდგა და დღესაც დგას უმისამართო ამომრჩევლის პრობლემა...

– სიების კომისიის მეთოდოლოგიის მიღმა დარჩა უმისამართო მოქალაქეების აღრიცხვა, რომელთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უცნობია ან ხშირად იცვლება. ეს ამომრჩევლები ხმას მისცემენ მათთვის სპეციალურად გახსნილ უბნებზე, რაც, ვფიქრობთ, განსაკუთრებული დაკვირვების საგანი უნდა გახდეს როგორც საარჩევნო პერიოდში, ისე უშუალოდ კენჭისყრის დღეს. 

ამრიგად, გამოიკვეთა – მიწერილი; სახლკარგაყიდული; უმისამართო; მისამართშეცვლილი; დანგრევის შედეგად არარსებულ მისამართებზე მიწერილი; „ასტსტუპნიკები“; შიდა მიგრაციის შედეგად გადაადგილებულნი; .. ID ბარათების მფლობელი და საზღვარგარეთ გასული ამომრჩეველი; რომელთა მონაცემებითაც შესაძლოა, ხელისუფლებამ ისევ გააყალბოს ხმები. რა რჩება ამომრჩეველს დემოკრატიული არჩევნების   ჩატარებისა და გამარჯვებისთვის, გარდა იმისა, რომ მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი, ორგანიზაცია და ჯგუფი გააკონტროლებს  არჩევნებს?

2012 წლის არჩევნებისადმი განსაკუთრებული ინტერესი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, არის იმის დასტური, რომ ამ ბრძოლაში ქართველი საზოგადოება მარტო არ იქნება. თუმცა ჩვენს საკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს. 1ოქტომბერს და შემდგომ, საბოლოო შემაჯამებელი ოქმის დადებამდე, ქართველმა საზოგადოებამ უნდა შეძლოს საკუთარი არჩევანის გაკეთება და უნდა  დაიცვას ეს არჩევანი  ყველა შესაძლო, ცივილური წესით, რათა საქართველოში „სამართალმა პური ჭამოს“ და ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ სწორი განვითარების გზას დაადგეს.

ესაუბრა ბაია ამაშუკელი

საქინფორმი