პოლიტიკა
დიპლომატიური კორპუსი ცესკოს შეხვდა

1-dipko-poliiii1თბილისი, 6 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესებში მაქსიმალური ჩართულობისთვის ცესკოს მიერ გაწეულ საქმიანობას გაეცნო.

ამასთან დაკავშირებით, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა“ და ცესკოს ორგანიზებით შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.

შეხვედრას სახალხო დამცველისა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ცესკომ ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვნად ინფორმირების მიზნით  კომისიის მიერ უკვე გაწეული და დაგეგმილი საქმიანობა დამსწრე საზოგადოებას გააცნო.

დიპლომატიური კორპუსისა და უფლებადამცველების წარმომადგენლები, საპარლამენტო არჩევნებისთვის ეთნიკური უმცირესობების ენებზე თარგმნილ საარჩევნო დოკუმენტაციას გაეცნენ.