პოლიტიკა
სიკორსკი: „ევროპა და მსოფლიო თქვენ გაკვირდებიან და თქვენ გაქვთ შანსი, გამჭვირვალე არჩევნების სტანდარტი დაამკვიდროთ“

1-Sexv-politiii2თბილისი, 6 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისში ვიზიტად მყოფმა შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დიდი იმედი გამოთქვეს, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაცილებით უკეთესად ჩატარდება, ვიდრე ბოლო წლებში საქართველოში გამართული არჩევნები.

შვედ და ქართველ კოლეგებთან – კარლ ბილდტსა და გრიგოლ ვაშაძესთან – ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი დიდი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიას.

სიკორსკის განცხადებით, მისი და მისი შვედი კოლეგის გზავნილი მთავრობისა და ოპოზიციის მიმართ არის: „ევროპა და მსოფლიო თქვენ გაკვირდებიან და თქვენ გაქვთ შანსი, გამჭვირვალე არჩევნების სტანდარტი დაამკვიდროთ“.

„მე ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს სტრატეგიული აქტივია – მსოფლიოს აღქმა, რომ თქვენ თავისუფალი ქვეყანა ხართ; თქვენ უნდა დაიცვათ ეს აქტივი“, – დასძინა სიკორსკიმ.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ჩატარებული ყოველი შემდგომი არჩევნები გაუმჯობესებით ხასიათდებოდა, თუმცა შემდგომი პროგრესის შესაძლებლობა ისევ არსებობს.

„ვიმედოვნებ, რომ ეს არჩევნები ხარისხისა და სტანდარტების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იქნება, ვიდრე 2008 წლის და  2010 წლის  არჩევნები “, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, არჩევნების შეფასება, ეს, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო დამკვირვებლების საქმეა და არა საარჩევნო პროცესში ჩართული პარტიების.

„მათ (პოლიტიკურმა პარტიებმა, – საქინფორმი) კონცენტრირება უნდა მოახდინონ არსებით საკითხებზე და ამას მოჰყვება დიდი რაოდენობით დამკვირვებლების მიერ არჩევნების ხარისხის შეფასება; და ჩვენ დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოს საარჩევნო სტანდარტებში შემდგომი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდება“, – განაცხადა ბილდტმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის თქმით, მან განუცხადა სტუმრებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის სურვილია, მომავალი არჩევნები უმაღლესი ევროპული სტანდარტების დაცვით გაიმართოს.

პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც თბილისში 4 სექტემბერს ჩამოვიდნენ, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელს, მათ შორის, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ.

„მათ უფრო მეტად აინტერესებდათ, როგორი სტრატეგია გვაქვს ჩვენ, როგორც რეალურ ოპოზიციას, ყველაზე ძლიერ ოპოზიციას“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მან მადლობა გადაუხადა შვედეთსა და პოლონეთს საქართველოს მხარდაჭერის გამო.

„მათ დიდი მხარდაჭერა აღგვითქვეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველოში რეალურად დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

თბილისში გამართულ შეხვედრებამდე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა თავის ბლოგზე 4 სექტემბერს დაწერა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები მისი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მიზეზია.

მისი თქმით, მათი გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ იქნება ის, რომ მან ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რათა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ევროპული სტანდარტების დაცვით ჩატარდეს.

„ჩვენი გზავნილი ოპოზიციის მიმართ არის ის, რომ მან უნდა მიიღოს არჩევნების შედეგები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს შედეგები მის სასარგებლოდ არ იქნება“, – წერს ბილდტი თავის ბლოგზე.

შვედმა და პოლონელმა დიპლომატებმა საქართველოს ხელისუფლებასთან  განიხილეს ევროკავშირთან ურთიერთობებიც.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო „უზარმაზარ პოლიტიკურ წარმატებას აღწევს ევროკავშირთან უფრო ახლო ურთიერთობის გზაზე“.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების ვადები ძალზე ამბიციურია. თუმცა მან იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი მომავალ შემოდგომაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დასრულდება ვილნიუსში.

ბილდტმა განაცხადა, რომ როგორც აღმოსავლეთპარტნიორობის ინიციატორები, შვედეთი და პოლონეთი, პასუხისმგებლობას გრძნობენ ამ პროცესის წინწაწევაზე.