პოლიტიკა
ნატოს საერთაშორისო სწავლება „საქართველო-2012“
1-swavleba-ppolitik3თბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში 22-დან 28 სექტემბრამდე ნატოს საერთაშორისო სწავლება „საქართველო-2012“ გაიმართება. სწავლება სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციას ითვალისწინებს.
როგორც თავდაცვის სამინისტროში იუწყებიან, სწავლებაში, რომელიც სტიქიურ უბედურებებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის ეგიდით გაიმართება, 30 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული სწვალების მიზანია სტიქიური უბედურებების შედეგების სალიკვიდაციო პრაქტიკული უნარების გამომუშავება და მსგავს სიტუაციებში ქვეყნებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება.  
სწვალების სცენარის მიხედვით, 20 სექტმებრს, 14:20 საათზე, თბილისის სამხრეთით, 35 კილომეტრის მოშორებით, 6,8 ბალის სიმძლავრის პირობითი მიწისძვრა მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში მკვეთრი ნგრევა არ იქნება, ქალაქი რუსთავი, სადაც 100 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება იქ არსებული ქიმიური ქარხნის, ფაბრიკების, ასევე, ახლოსმდებარე ნავთობსადენების, რკინიგზისა და ავტომაგისტრალის შესაძლო დაზიანების გამო.
სიტუაციის წინასწარი შეფასებით აღმოჩნდა, რომ საქართველოს სამძებრო-სამაშველო ძალები საკმარისი არ არის მიწისძვრის შედეგებთან საბრძოლველად და აუცილებელია ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის დახმარება. ნატოს წევრი და სხვა პარტნიორი ქვეყნების მაშველები სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას და ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების გადარჩენას შეეცდებიან.
ნატოს ეგიდით მსგავსი ფართომასშტაბიანი სწავლებები ყოველწლიურად ტარდება.