საზოგადოება
ლუკა ვოლონტემ მოუწოდა, არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ ნუ დააყენებენ

1--luka-sazogaa3თბილისი, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ლუკა ვოლონტე არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს მოუწოდებს, ნუ დააყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნების შედეგებს მაშინ, როდესაც ის ჯერ არ ჩატარებულა. ამის შესახებ განცხადება ვოლონტემ პარლამენტში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე თქმით, ყველა პარტიამ და სახელმწიფო დაწესებულებამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ნაბიჯის გადადგმისგან, რომელმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესისადმი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დადებითად შეაფასა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მუშაობა. როგორც ლუკა ვოლონტემ აღნიშნა, ამ კომისიის მუშაობის შედეგად საზოგადოებაში ნდობა გაიზრდება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ასევე, დადებითად შეაფასა უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაც. „დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია, საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა საარჩევნო პროცესის მიუკერძოებლობისა და სამართლიანობისადმი“, – განაცხადა ლუკა ვოლონტემ.

მან ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა და აღნიშნა, რომ დამატებითი განცხადებები შესაძლოა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან თავიანთი ინტერესებისამებრ იყოს გამოყენებული.

როგორც ვოლონტემ აღნიშნა, არჩევნების დღეს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შედარებით გაფართოებული დელეგაციით ჩამოვა საქართველოში და მოვლენების განვითარებას არჩევნების შემდეგაც დააკვირდება.