სამართალი
საინვესტიციო დავათა საერთაშორისო ცენტრმა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქედ მიიჩნია

1-moqalaqe-samarTaaa2თბილისი, 13 სექტემბერი, საქინფორმი. 2012 წლის 10 სექტემბერს მსოფლიო ბანკთან არსებულმა საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს მთავრობის მიმართ ბიძინა ივანიშვილის საარბიტრაჟო საჩივარი რეგისტრაციაში გაატარა.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ მრჩევლებს ცენტრის გენერალურმა მდივანმა აცნობა. საქმეს მიენიჭა ნომერი ARB/12/27 (ICSID Case No ARB/12/27). ბიძინა ივანიშვილის საჩივარი ემყარებოდა იმას, რომ საქართველოს სახელმწიფომ შელახა მისი, როგორც საფრანგეთის სახელმწიფოს მოქალაქის, კანონიერი უფლებები, რადგან ყველა უკანონო ქმედება, რაც საქართველოს სახელმწიფომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩაიდინა, განხორციელდა 2011 წლის 11 ოქტომბრის შემდეგ –როცა საქართველოს პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა (ივანიშვილი საფრანგეთის სახელმწიფოს მოქალაქე იყო).
„საჩივრის რეგისტრაციაში გატარებას წინ უსწრებდა საქართველოს მთავრობის პროტესტი, რომლითაც საქართველოს მთავრობა საჩივრის რეგისტრაციის წინააღმდეგ გამოდიოდა. სახელმწიფოს მიაჩნდა, რომ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქედ არ უნდა მიჩნეულიყო.

ამ მოსაზრების ერთ-ერთ საფუძვლად საქართველოს მთავრობამ დაასახელა ის, რომ 2012 წლის 27 მაისს თბილისში გამართულ მიტინგზე ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა: „მე ვარ საქართველოს მოქალაქე!“. ცენტრმა საქართველოს მთავრობის პროტესტი არ გაიზიარა და საჩივარი რეგისტრაციაში გაატარა. ეს კი ნიშნავს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, მიჩნეულია საფრანგეთის მოქალაქედ როგორც საჩივრის შეტანის (15 აგვისტო, 2012 წელი), ასევე საჩივრის რეგისტრაციის თარიღისათვის (10 სექტემბერი, 2012 წელი)“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

საჩივრის რეგისტრაციის შემდგომი ეტაპი არის საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნა, რომლის ფორმირების შემდეგაც საქმის განხილვა დაიწყება.