აქტუალური
ნატოს სწავლება „საქართველო-2012“

1-nato-aqttuuua1თბილისი, 17 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველო სექტემბერში კატასტროფების შედეგებზე რეაგირების ერთკვირიან საველე ვარჯიშს უმასპინძლებს. მთლიანობაში, ვარჯიშში, რომელიც 22-28 სექტემბერს თბილისის შემოგარენში ჩატარდება და რომლის ორგანიზატორიც კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრია (EADRCC) , სამოქალაქო და სამხედრო ჯგუფების 1000-ზე მეტი წევრი მიიღებს მონაწილეობას ნატოს 24 წევრი და პარტნიორი სახელმწიფოდან.

როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, „საქართველო -2012“ საშუალებას მისცემს ნატოს და მის პარტნიორ ქვეყნებს, პრაქტიკაში გამოსცადონ კატასტროფებზე რეაგირების მექანიზმები და შესაძლებლობები, ასევე, გააღრმაონ თანამშრომლობა საგანგებო სიტუაციების სფეროში. „ვარჯიშის სცენარი მოიცავს ძლიერ მიწისძვრას, რომელიც თბილისის შემოგარენში მოხდება, რაც გამოიწვევს დიდი ოდენობით მსხვერპლს და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიან ნგრევას, მათ შორის, ქიმიური ნივთიერებების დაღვრას და რადიაციულ ინციდენტს“, – აცხადებენ „EADRCC“-ში.

ცნობისათვის: ეს EADRCC“-ის მიერ ორგანიზებული უკვე მე-14 საველე ვარჯიში იქნება. 2012 წელს ანალოგიურ წვრთნებს სომხეთმაც უმასპინძლა.

ნატოს სამოქალაქო დაცვის ჯგუფის და „EADRCC“-ის წარმომადგენლები საქართველოს ივნისში სტუმრობდნენ, როცა შეხვდნენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც, რათა მათთვის დაგეგმილი წვრთნების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ  მაშინ განაცხადა, რომ მას დეტალურად ეცნობა დაგეგმილი წცვრთნების შესახებ, რათა ამ ღონისძიების შინაარსის თაობაზე რაიმე გაუგებრობებს ადგილი არ ჰქონოდა.