აქტუალური
კოალიცია „ქართული ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარეს აფრთხილებს

1-afrTxilebs-aqtuuu2თბილისი, 18 სექტემბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, „იმ რაიონებში, სადაც ძალიან მცირერიცხოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, ხელისუფლება არჩევნების ბედის შეცვლას სპეციალური უბნების გახსნით ცდილობს“.

მისი თქმით, მესტიის რაიონში ჯარისკაცებისთვის სპეციალური უბანი იხსნება, თუმცა რეალურად იქ არცერთი სამხედრო დანაყოფი არ იმყოფება. გარდა ამისა, ყაზბეგის რაიონში მესაზღვრეებისთვის იხსნება სპეციალური უბანი.

„შეგახსენებთ, რომ იქ იმდენად მცირერიცხოვანი ამომრჩეველი ცხოვრობს, შეიძლება რამდენიმე ათეულმა ხმამ გადაწყვიტოს მაჟორიტარული არჩევნების ბედი. რა თქმა უნდა, ჯარისკაცებმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ მათ არ უნდა გადაწყვიტონ მაჟორიტარი დეპუტატის ბედი. საფრთხე იმისა, რომ ცესკო ჯარისკაცებს უფლებას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ მაჟორიტარების არჩევნებში, არსებობს, ამიტომ წინასწარ ვაფრთხილებთ ცესკოს  თავმჯდომარეს, რომ არ მიიღოს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.