აქტუალური
აფხაზეთი უკმაყოფილოა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატით

1-afxaz-aqtuu2თბილისი, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ფილიპ ლეფორი (ევროკავშირი) და ანტი ტურუნენი (გაერო) სოხუმს ეწვივნენ და აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად უსაფრთხოებისა და სტაბილურობისაკენ მიმართული ჟენევის დისკუსიების მომავალი რაუნდის საკითხები განიხილეს.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებული ჟენევის მოლაპარაკებების არსებულ ფორმატს ეფექტური გადაწყვეტილების მიღების პროცესი აკლია და უნდა შეიცვალოს.

„ჟენევის პროცესი კრიზისშია. ჩვენ რთული სიტუაცია გვაქვს რამდენიმე პარამეტრთან დაკავშირებით. ჯერჯერობით დასკვნებს არ გავაკეთებთ, მაგრამ სერიოზული საუბარია საჭირო იმის გასაგებად, სწორად მივდივართ თუ არა, და საჭიროა თუ არა რაიმე ცვლილებები როგორც ფორმატში, ისე ჩვენ წინაშე არსებული საკითხების დაყენებაში“, – განაცხადა ჩირიკბამ სოხუმში ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას თავის მისასალმებელ სიტყვაში.

ჩირიკბამ ასევე დასძინა, რომ აფხაზურ მხარეს გააჩნია კეთილი ნება, რომ ყველა ეს პრობლემა კონსტრუქციულად განიხილოს.

„ჩვენ უკმაყოფილო ვართ შეხვედრების ფორმატით. ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ის ზღუდავს ჩვენს გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვერაფერს  ვწყვეტთ ასეთ არასწორ ფორმატში“, – აღნიშნა ჩირიკბამ.

ჩირიკბამ კიდევ ერთხელ გაიმეორა სოხუმის პოზიცია, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებში, თუ მას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელიც დაესწრება.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ გაეროს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.

„ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ შეხვედრებში, როგორც კი ჩვენი მოთხოვნა შესრულდება, – განაცხადა ჩირიკბამ, – მაგრამ, სამწუხაროდ, გენერალ ტიშკევიჩის მანდატი გააგრძელეს და ეს იმას ნიშნავს, რომ ახლო მომავალში მექანიზმის ფარგლებში არანაირი შეხვედრები არ გაიმართება“.

მან, ასევე, გააკრიტიკა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ივლისში დევნილთა შესახებ მიღებული, შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუცია. საქართველო ყოველწლიურად ახდენს ამგვარი რეზოლუციის ინიცირებას გაეროს გენერალურ ასამბლეაში, რაც მიზნად ისახავს ამ საკითხისადმი საერთაშორისო ყურადღების გამახვილებას და რეზოლუციის მიმართ მხარდაჭერის გაფართოებას.

გამოეხმაურა რა მოსკოვის პოზიციას ამ რეზოლუციაზე, ჩირიკბამ განაცხადა, რომ ასეთი დოკუმენტის ინიცირება გაეროს გენერალურ ასამბლეაში, ჟენევის მოლაპარაკებების გვერდის ავლით, რომელიც, ასევე, განიხილავს დევნილთა საკითხებს, ჟენევის დისკუსიებისთვის ძირის გამოთხრის ტოლფასია.

„ჩვენი პოზიცია ჟენევაში ძალიან მკაცრი იქნება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ არცთუ ისე მარტივი რაუნდი გვექნება. საჭიროა, რომ მოვაწესრიგოთ საკითხები, რადგანაც წყლის ნაყვას არანაირი აზრი არ აქვს“, – განაცხადა ჩირიკბამ.

შეეხო რა აფხაზეთში ჩამოყალიბენულ აზრს ჟენევის პროცესის არაეფექტურობაზე, ფილიპ ლეფორმა აღნიშნა, რომ ეს დიპლომატიური გზაა, რომლისაგანაც სასწაულს არ უნდა ველოდოთ.

„ეს დისკუსია მხოლოდ ნაწილია შერიგების პროცესისა და პოსტკონფლიქტური სიტუაციის რეკონსტრუქციისა. ამ პლატფორმის გარეშე გაწელილი კონფლიქტი კიდევ უფრო გაუარესდება. ამიტომ მე ვემხრობი მოლაპარაკებების გაგრძელებას“, – ამბობს ევროკავშირის სპეცწარმომადგენელი.

ლეფორის აზრით, მომავალი მოლაპარაკებების დღის წესრიგი უცვლელია. მუშაობა წარიმართება ორი მუშა ჯგუფის ფარგლებში – უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე.

ჟენევის მოლაპარაკებების 21-ე რაუნდი 10-11 ოქტომბერს იგეგმება.