აქტუალური
ფილიპ დიმიტროვი: „ველი, რომ არჩევნებზე ქართველი ხალხი საკუთარ ნებას გამოხატავს“

1-dimitr-aqyuuu3თბილისი, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებას ინტენსიურსა და გადატვირთულს უწოდებს.

როგორც დიმიტროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, წინა არჩევნების დროს ის  საქართველოში არ ყოფილა, მაგრამ ყველა ამბობს, რომ ასეთი კონკურენტული საარჩევნო გარემო, როგორიც ახლაა, არასოდეს ყოფილა.

„ქვეყანაში ბევრი რამ ხდება და ხალხი კარგად არის ინფორმირებული. ინფორმაცია ყველა ამომრჩევლამდეა მისული და ამომრჩეველი მზად არის, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება ისე, როგორც არასდროს. გარდა ამისა, ადამიანებს აქვთ თავიანთი პრობლემები. თუ გეტყვით, რომ საქართველოში პრობლემები არ არსებობს, ამას, რა თქმა უნდა, არ დამიჯერებთ. ველი, რომ ჩატარდება არჩევნები, სადაც ხალხს ექნება საშუალება, გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი“, – აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.

ფილიპ დიმიტროვი სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო. შეხვედრა საერთაშორისო სამრეწველო პალატის ინიციატივითა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა.