რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქი: „დიდი სირცხვილი ჩვენი ერის და ჩვენი ქვეყნის...“

1-patriarq-ppolittika2თბილისი, 21 სექტემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა  და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრძანა: „ასეთი რამ ხდება სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება არ გამოაქვს საქვეყნოდ, არამედ თვითონ ასწორებენ ყველაფერს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს და არ განმეორდეს“.

როგორც უწმიდესმა და უნეტარესმა ბრძანა, ის დღესაც შეხვდა სტუდენტებს და  სიმშვიდისკენ მოუწოდა. „მე მამაშვილური სიყვარულით მოგმართავთ, არავითარ შემთხვევაში არეულობა არ უნდა შეიტანოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისედაც არ გვაკლია ჩვენ ეს არეულობა. პირიქით, სტუდენტებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ სუფევდეს ჩვენთან მშვიდობა“. უწმიდესი იმედს გამოთქვამს, რომ სტუდენტები რჩევას გაითვალისწინებენ.

კათოლიკოს-პატრიარქი ბრძანებს, რომ არჩევნებამდე ქვეყანა მშვიდად უნდა მივიდეს და მის ჩატარებას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს არჩევნები არ იყოს გაყალბებული. არავითარ შემთხვევაში შიშის ქვეშ არ უნდა იყოს არცერთი კაცი და არცერთი ადამიანი. როგორც თვითონ ფიქრობს, ის უნდა შემოხაზოს, ის რიცხვი უნდა შემოხაზოს“.

კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა და ბრძანა, რომ დღეს, საღამოს 7 საათზე, დიდუბის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის.

კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლთან ერთად ილოცა „მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღვითისმშობელო“.

წირვის შემდეგ თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტმა დაჩი გუბაძემ, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ მიერ დღეს, 3 საათზე, დაგეგმილი აქცია პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით და უწმიდესისა  და უნეტარესის რჩევის გათვალისწინებით აღარ შედგება.

შეგახსენებთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით საპროტესტო აქციების შეწყვეტის შესახებ თავისუფალმა სტუდენტებმაც განაცხადეს.