რელიგია
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

1-sapatriarqoთბილისი, 24 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქომ საგანგებო განმარტება გაავრცელა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ქადაგებასთან დაკავშირებით, რომელმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

„ვფიქრობთ, არავისათვის სადავო არ არის პატრიარქის ეს ნათქვამი: „მე მინდა, დიდი მწუხარებით ვთქვა, რომ ის ამბები, რომელიც ვრცელდება ამ ბოლო დღეებში, ეს არის დიდი სირცხვილი ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნისა“. გაუგებრობა შემდგომმა ფრაზამ გამოიწვია: „ასეთი რამ ხდება სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ხელისუფლებასა და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება არ გამოაქვთ საქვეყნოდ“.

ზოგიერთმა მიიჩნია, რომ მის უწმიდესობას არ მოეწონა ძალადობის საშინელი კადრების საჯაროდ ჩვენების ფაქტი და ეს დააფიქსირა, რაც არასწორია.

პატრიარქის გულისტკივილი გამოწვეული იყო და არის იმით, რომ ჩვენთან არ არსებობს სახელმწიფო მართვის ისეთი მექანიზმი, როგორიცაა დასავლეთში, რაც თავისთავად გამორიცხავს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების სისტემატურობას. ამიტომაც მისი უწმიდესობა ბრძანებს: უცხოეთში „თვითონ ასწორებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს და აღარ განმეორდეს“.

ქადაგების მთელი აქცენტი კი გადატანილი იყო მშვიდობაზე და, განსაკუთრებით, 1 ოქტომბრამდე მის შენარჩუნებაზე“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

პატრიარქის აზრით, „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები არ იყოს გაყალბებული, რომ ადამიანებმა გამოთქვან ის აზრი თავისუფლად, რომელიც მათ გააჩნიათ. არავითარ შემთხვევაში შიშის ქვეშ არ უნდა იყოს არც ერთი კაცი, არც ერთი ადამიანი და როგორც თვითონ ფიქრობს, ის რიცხვი უნდა შემოხაზოს“.

„დაბოლოს,  გვინდა, მოვიტანოთ ამონარიდი მისი უწმიდესობის ამა წლის 8 ივნისის ქადაგებიდან: „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პატიმარს შეურაცხყოფა მივაყენოთ, მით უმეტეს, ფიზიკური შეურაცხყოფა. არავინ არაა დაზღვეული პატიმრობისაგან. ციხეების ხელმძღვანელებს მამაშვილური სიყვარულით, პატივისცემით მინდა, ვთხოვო, დაეხმარეთ, უშველეთ მათ...“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს  განცხადებაში.