აქტუალური
ივანიშვილი: „დადგა დრო, აღვადგინოთ გზა აფხაზებისკენ!“

1-afxaz-aqtuuuua3თბილისი, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილი პირობას დებს, რომ აღადგენს გზებს აფხაზეთისაკენ. 22 სექტემბერს ზუგდიდში ხალხმრავალ მიტინგზე მან განაცხადა, რომ მისი ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ აფხაზეთთან რკინიგზისა და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენის საკითხს განიხილავს. „რკინიგზაც და საავტომობილო ტრასაც ქართველებსაც და აფხაზებსაც გაუხსნის გზას რუსეთის ბაზრისაკენ, რაც აუცილებელი იქნება ჩვენი ეკონომიკის აღორძინებისათვის“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ რკინიგზის გახსნა აფხაზ ბიზნესმენებსაც მისცემს თავიანთი ბიზნესის განვითარების საშუალებას და მათ ქართულ ეკონომიკაში მონაწილეობით დააინტერესებს.

„დღეს მინდა, ზუგდიდიდან მივმართო აფხაზებსა და ქართველებს და შევახსენო მათ, რომ ჩვენ ერთმანეთის სისხლი დავღვარეთ – ამას გამართლება არ აქვს. ჩვენ აუნაზღაურებელი მსხვერპლი გავიღეთ, მაგრამ ახლა დადგა დრო, როცა ურთიერთობის აღდგენაზე უნდა ვიზრუნოთ, საერთო მომავალზე უნდა ვიზრუნოთ, დრო არ ითმენს... ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა მან.

აფხაზების მიმართ ივანიშვილმა კიდევ ერთი გზავნილი გააჟღერა, რომ გალის რაიონი გახდეს დამაკავშირებელი ხიდი, შერიგების ხიდი ქართველთა და აფხაზთა შორის.

„ჩვენ ასეთ გეგმას შევთავაზებთ აფხაზებს: გამოვაცხადოთ გალი მშვიდობის რეგიონად“, – განაცხადა მან.

„ჩვენი გუნდი არასოდეს დაუშვებს პროვოკაციებს და არ გამოიყენებს გალის მოსახლეობას აფხაზეთის წინააღმდეგ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა. მსგავსი უღირსი პოლიტიკა სააკაშვილის ხელისუფლებასთან ერთად დასრულდება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„სამეგრელოში უნდა ჩაეყაროს საფუძველი აფხაზეთის დაბრუნებას. ჩვენ ვიპოვით ღირსეულ გამოსავალს ამ ვითარებიდან ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად. საქართველოში აფხაზეთი თავისი ნებით უნდა დაბრუნდეს და, რაც მთავარია, აფხაზები საიმედო, რეალური და სასურველი მომავლის წყურვილმა უნდა მოიყვანოს ჩვენთან მხოლოდ და არა იმ ძალადობამ და ძალადობრივმა გამონათქვამებმა, რასაც სააკაშვილი მუდმივად ხმარობს“, – აღნიშნა მან თავის გამოსვლაში.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა დევნილთა თავიანთ სამშობლოში დაბრუნების აუცილებლობაზე.

„აფხაზეთში დევნილების დაბრუნების გეგმაც კი გათვლილი მაქვს, – განაცხადა მან, – რამდენი სახლი უნდა აშენდეს, რა თანხები დასჭირდება, როგორ უნდა დავაბრუნოთ – იცოდეთ ყველაფრის პროექტი უკვე გამზადებული გვაქვს და აუცილებლად ყველაფერს მშვიდობიანად გავაკეთებთ“.