აქტუალური
თუ კატასტროფა მოხდება...

1-swavleba-aqtuaa1თბილისი, 24 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის მახლობლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს იალღუჯას პოლიგონზე ნატოს ეგიდით დაიწყო კატასტროფების შედეგებზე რეაგირების გეგმური მასშტაბური სწავლება.

შსს-ის ინფორმაციით, სწავლება „საქართველო 2012“ ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება.

მანევრებში ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს – საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები და ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების ანალოგიური სამსახურების წარმომადგენლები.

სწავლების სცენარის მიხედვით, თბილისის შემოგარენში ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დიდ მსხვერპლს და ძირითადი ინფრასტრუქტურის ნგრევას გამოიწვევს, მოხდება ატმოსფეროში ქიმიური ნივთიერებების დაღვრა და რადიაციის გამოტყორცნა.

როგორც სამინისტროში აღნიშნეს, სწავლების მიზანია სტიქიური უბედურებების დროს სალიკვიდაციო  უნარ-ჩვევების პრაქტიკულად გამომუშავება და ქვეყნებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება. მონიტორინგს 13 ქვეყნის 60 დამკვირვებელი აწარმოებს.