სამართალი
რა ხდებოდა ქსნის ციხეში

1-samartalთბილისი, 25 სექტემბერი, საქინფორმი. ქსნის №15 საპყრობილის ხუთასზე მეტმა პატიმარმა ხელი მოაწერა განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველის სახელზე, რომელშიც იუწყებიან, რომ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები და ზედამხედველები გამუდმებით ახდენდნენ მათზე ფიზიკურ და სიტყვიერ ზეწოლას, ნებისმიერი წვრილმანის გამო სჯიდნენ, აბუჩად იგდებდნენ.

სახალხო დამცველის საგანგებო პრევენციულმა ჯგუფმა ეს განცხადება უკვე გადასცა საქართველოს მთავარ პროკურატურას.

პატიმრები აღნიშნავენ, რომ თითოეული მათგანი მზად არის, დეტალური ჩვენება მისცეს გამოძიებას იმის შესახებ, რომ მათ სცემდნენ და აწამებდნენ. სხვათაშორის, ამის შესახებ მათ ტელეკომპანია „მე-9 არხსაც“ შეატყობინეს. მათი თქმით, „ცალკეულ შემთხვევებში ციხის თანამშრომლები ელექტროშოკს იყენებდნენ“, ხოლო აბუჩად აგდების გამო, თითქოს, ერთი პატიმარი დაიღუპა.

სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ამ დოკუმენტის განხილვას დაჰპირდა, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ მთელი ეს განუკითხაობა წარსულში დარჩა, რადგან საჩივარში მითითებული ყველა თანამშრომელი თანამდებობიდან უკვე გათავისუფლებულია. თუმცა განმცხადებლებს ამ ბნელი წარსულის შესახებ სამინისტროსთვის ცნობად მისაღებად არ მოუყოლიათ, მათ ამ კოლონიაში სიტუაციის შესწავლა და წამებასა და აბუჩად აგდებასთან დაკავშირებული თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს.

უნდა აღინიშნოს, რომ უფლებადამცველები ადრე უკვე იუწყებოდნენ ამ დაწესებულებაში წამების ფაქტების შესახებ. პატიმრების ცემასთან დაკავშირებული ორი წლის წინანდელი ერთ-ერთი ინციდენტის თაობაზე საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მიიღო შეკითხვა.