საზოგადოება
თბილისის მერია განმარტავს
1-meria-sazooo2თბილისი, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის მერიაში უსაფრთხოების საქალაქო სამსახური შეიქმნა. სამსახურის დებულების თანახმად, მისი ამოცანაა: თბილისის მერიის ობიექტების, ქალაქში არსებული ბაღების, პარკების, სკვერების, ასევე, მერიისა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამ ობიექტებში არსებული ქონების დაცვა. სამსახურის შექმნის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ  საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია, ხომ არ ახდენს ამით თბილისის მერია თბილისის მერისა და სხვა თანამდებობის პირების პირადი დაცვის გაძლიერებას.  
„გავრცელებული მოსაზრებების საპირისპიროდ, გვინდა, ავღნიშნოთ, რომ  თბილისის მერის პირადი დაცვა მოქმედი კანონის შესაბამისად, სათანადო სახელმწიფო უწყებების მიერ ხორციელდება და მისი გაძლიერების საჭიროება არ არსებობს. ამასთან, არც სამსახურის შექმნისას არსებობდა აღნიშნული მიზანი“, – განმარტავს მერია. 
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გავრცელებული მოსაზრებების უარსაყოფად და  ყოველგვარი გაუგებრობის აღმოფხვრის მიზნით,  „თბილისის მერის დავალებით უსაფრთხოების სამსახურის დებულებაში  შევიდა ცვლილება, რომლითაც გაუქმდა ყველა ის ჩანაწერი, რომელიც მსგავსი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა“, – დასძენს მერია.