საზოგადოება
თბილისი, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ, 2012 წლის 21 ოქტომბერს, 13.00 საათზე, საქართველოს ახალარჩეული მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქალაქ ქუთაისში გაიმართა.
პრემიერმინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილს პარლამენტის ახალი შენობა არ მოეწონა. კოალიციის ლიდერის განცხადებით, ზაფხულში საკანონმდებლო ორგანოს ახალ შენობაში მუშაობა შეუძლებელი იქნება. „აქ იქნება საშინელი ტემპერატურა, აქ ვერ გაჩერდები ზაფხულში, წარმოუდგენლად მიმაჩნია, როგორ უნდა გაიტანო აქედან ის ენერგია, რომელსაც ზაფხულში მზე გამოაფრქვევს... პარლამენტის თბილისში გადატანაზე ძალიან სერიოზული საუბარი მიდის და ამავდროულად ქუთაისელებს საწყენს არაფერს დავუტოვებთ. ქუთაისს არ ეყოფა ეს შენობა, მას სჭირდება სერიოზული მიხედვა, ყურადღება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქუთაისს დაუბრუნდეს შესატყვისი ღირსება, რაც მას ისტორიულად ჰქონდა“, – აღნიშნა ივანიშვილმა.