აქტუალური
არასამთავრობო ორგანიზაცია „დედამიწა - ჩვენი სახლი“ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დახურვას მოითხოვს

1-aktual3-muzeiთბილისი, 1 ნოემბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია „დედამიწა - ჩვენი სახლი“ იწყებს აქტიურ კამპანიას თბილისში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დახურვის მოთხოვნით, – განაცხადა ორგანიზაციის დამფუძნებელმა ელგუჯა ხოდელმა ა.წ. 30 ოქტომბერს „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე.

„ორგანიზაცია „დედამიწა - ჩვენი სახლი“ ოკუპაციის მუზეუმის დასახურად კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას გამოიყენებს“, – განაცხადა ხოდელმა.

„ჩვენ მივმართავთ საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით – დახუროს ოკუპაციის მუზეუმი და მისი შენახვისთვის გამოყოფილი სახსრები ისეთი აქციების მოსაწყობად მიმართოს, რომლებიც ორ დიად ხალხს შორის მეგობრობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ხოდელმა.

მისი აზრით, „ყოფილი მთავრობის ანტირუსული ისტერია ოკუპაციის მუზეუმის გახსნით არ შემოიფარგლებოდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში მიზანმიმართულად მახინჯდებოდა ისტორიული ფაქტები ან მათი განზრახ არასწორი ინტერპრეტაცია ხდებოდა“.

„არასამთავრობო ორგანიზაცია “დედამიწა – ჩვენი სახლის“ ზემოთ მოყვანილი განცხადება აპოლიტიკურია. ჩვენ სურვილს გამოვთქვამთ, მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის, მეზობელ რუსეთთან. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ  შესაძლოა, ჩვენი განცხადება სპეკულაციის მიზნით გამოიყენოს. ჩვენი ორგანიზაცია მორალურ და კანონიერ ვალდებულებებს იღებს თავის განცხადებებსა და შემდგომ ქმედებებზე, რომლებშიც ქვეყნის ასობით მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას“, – დაასკვნა ხოდელმა.

პრესკონფერენციის შემდეგ ორგანიზაციის წევრები მშვიდობიანი აქციის ჩასატარებლად ოკუპაციის მუზეუმისკენ  გაემართნენ პლაკატით „ნუ წაგვართმევთ რუს ხალხთან მეგობრობის უფლებას!“.