აქტუალური
ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს ხარჯებს შეუმცირებს

1-xarjebi-aqtuaa1თბილისი, 2 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტს მოუწოდა, სამუშაოდ სახელმწიფო კანცელარიაში გადავიდეს, რადგან მომავალი წლიდან მთავრობა პრეზიდენტის ხარჯებს მაქსიმალურად შეამცირებს.

„ჩვენ მკვეთრად შევამცირებთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებას, რადგან მის მომსახურებაში ძალიან დიდი ხარჯებია, 800.000 ლარი მხოლოდ პრეზიდენტის სასახლის ელექტროენერგიის გადასახადისთვის გამოიყო“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე შეფასებით, „ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, პრეზიდენტის მომსახურებაზე ამხელა ხარჯების გაწევა წარმოუდგენელია“. პრემიერის განმარტებით, ბევრი ხარჯი შესაკვეცია, რადგან მარტო თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან სააკაშვილის მეორე თვითმფრინავის შენახვაზე ყოველთვიურად 800.000 ლარი ირიცხება, ხოლო პირველი თვითმფრინავის ხარჯები ჯერ გარკვეულიც არ არის.

პრემიერი პრეზიდენტს სამუშაოდ მთავრობის კანცელარიაში, ამჟამად დალუქულ საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადასვლას სთავაზობს, რადგან, მისი განმარტებით, მთავრობა კანონის ფარგლებში ყველა ბერკეტს გამოიყენებს პრეზიდენტის სასახლის დაფინანსების ზედმიწევნით შესაზღუდად. ამასთან, 2013 წლიდან, როგორც სახელმწიფოს პირველი პირის, პრემიერ-მინისტრის სამუშაო ადგილი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია უნდა იყოს, თუმცა ბიძინა ივანიშვილი სასახლეში გადასვლას არ აპირებს. მისი თქმით, როცა „ქვეყანაში ამდენი დევნილი ცხოვრობს, ამორალურია ამ სასახლეში ცხოვრება. ათობით მილიონის ეკონომია შეიძლება გაკეთდეს და მთავრობა ამ თანხებს უკეთ გამიყენებს“.