აქტუალური
კალაძე: „ტარიფების დაწევა უნდა მოხდეს მოლაპარაკების გზით“

1-kalaZe-aqtuaaa2თბილისი, 5 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებით, „ენერგოპროსთან” და „თელასთან” გაფორმებული კონტრაქტები და მემორანდუმები უნდა გადაიხედოს. ამასთან, ყველაფერი, რაც ტარიფების დაწევას უკავშირდება, უნდა მოხდეს მოლაპარაკების გზით.

„მე, როგორც მინისტრს, პირდაპირი ბერკეტები არ გამაჩნია იმისა, რომ ჩემი ბრძანებით მოხდეს ტარიფების დაწევა. არსებობს კონტრაქტები, არსებობს მემორანდუმები, რომლებიც გაფორმებულია იგივე „თელასთან”, იგივე „ენერგოპროსთან”. ეს ყველაფერი გადასახედია. ყველაფერი უნდა მოხდეს მოლაპარაკების გზით“, – განაცხადა კახი კალაძემ.

მისივე თქმით, საპარტნიორო ფონდის ახალი ხელმძღვანელი დღეიდან იწყებს მუშაობას და ცნობილი გახდება, რა ხდება ნავთობის და გაზის კორპორაციაში. „გაზზეც და საწვავზეც ახლო მომავალში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, რამდენად და რამდენით არის შესაძლებელი ტარიფების დაწევა ამ მიმართულებებით”, – აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, კალაძის განცხადებით, ენგურჰესის გაყიდვა სიმართლეს არ შეესაბამება და გდასახედია დოკუმენტაცია, თუ რამდენად არის ხელშეკრულებებში გათვალისწინებული საქართველოს ინტერესები. „მე მინდა, ჩვენი სამინისტრო იყოს გამჭვირვალე და ყველაფერი იყოს საჯარო“, – აღნიშნა მან.