აქტუალური
საპარლამენტო უმცირესობა ახალაიას დაკავებას გამოეხმაურა

1-umcires-aqtuu2თბილისი, 7 ნოემბერი, საქინფორმი. თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას დაკავების ფაქტს საპარლამენტო უმცირესობა წუხელვე გამოეხმაურა. ზოგიერთი მათგანი ბაჩო ახალაიას მთავარ პროკურატურაში გამოცხადებისას თან ახლდა.

დავით საყვარელიძის შეფასებით, ბაჩო ახალაიას დაკავება პოლიტიკური დევნა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთაა. მისი თქმით, ახალმა ხელისუფლებამ ახალი სამართლებრივი ფორმა გამოიგონა, როდესაც მოწმის სტატუსით დაბარებული პირი დააკავეს. „როგორც ჩანს, მას ბრალი არ წაყენებია და ალბათ, ახლა ფიქრობენ, თუ როგორ შექმნან მისი ბრალეულობა სამართლებრივი თვალსაზრისით“, – განაცხადა დავით საყვარელიძემ.

ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ პროკურატურასთან ახალაიასთან მეგობრობის გამო მივიდა.

აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ ახალაიას დაკავება უსამართლობაა. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობდნენ, რომ ახალაია არის მკვლელი და ის ხვრეტდა ადამიანებს, ვაშლის თლაზე დაიჭირეს.

„ამ ფაქტმა დაგვანახვა, რომ ეს ხალხი არის ძალიან მშიშარა. გუშინ ადამიანი დაბრუნდა საქართველოში. ესენი დაფრთხენ, დაიბნენ. ადამიანი დაიჭირეს ვაშლის თლაზე. ეს პირიქით, ამათ შეუბრუნდებათ. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ესენი არიან ძალიან სუსტები და ამ სისუსტის გამო მალე გატყდებიან“, – განაცხადა მინაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძის შეფასებით, ბაჩო ახალაიას საქმე ახალი ხელისუფლების სერიოზული ტესტი და გამოწვევაა. 
მისი თქმით, ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია, ახალი ხელისუფლება დაადგება პოლიტიკური ანგარიშსწორების გზას, თუ აირჩევს სამართლებრივ სივრცეში მოქმედებას და სამართლებრივი პროცედურების მიმართულებას. 
მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მოხდა ბაჩო ახალაიას დაკავება პროკურატურაში პირველივე დაბარებისას, როდესაც ის საკუთარი ფეხით დაბრუნდა საქართველოში და მზაობა გამოაცხადა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან. მისივე თქმით, ასევე, ჯერჯერობით გაუგებარია ბრალდების შინაარსი. 
„როგორც ჩანს, ბრალდების მხარე მოუმზადებელი იყო“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

„თავისუფლების ინსტიტუტის“ ერთ-ერთი ლიდერი თეა თუთბერიძე იმედოვნებს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალიასთან დაკავშირებით ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.
„მე ვიცი, ბაჩო ახალაიას რა აქვს გაკეთებული. რასაც საზოგადოება ამ ადამიანთან დაკავშირებით ისმენს, არის ბინძური ცილისწამება და სხვა არაფერი. ძალიან კარგი, რომ დაიწყო გამოძიება, ძალიან კარგია, რომ დაისმება კითხვები, რომელიც ამ ბინძური პიარის მეშვეობით საზოგადოებაში არსებობს. იმედი მაქვს, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, – განაცხადა თუთბერიძემ.