აქტუალური
გიგი უგულავა: „თუ დაუშვებელი მეთოდებით დაიწყენებ ბრძოლას – მიიღებენ ძალიან, ძალიან მკვახე პასუხს!“

1-zesta-aqtuaa2თბილისი, 8 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის მერი გიგი უგულავა და „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ზესტაფონის რაიონს ეწვივნენ და საკრებულოს წევრებს შეხვდნენ. დახურული სხდომა ერთ საათს გაგრძელდა.

როგორც თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, საკრებულოს ყველა წარმომადგენელი და მათი ოჯახის წევრები ხელისუფლების ზეწოლისაგან დაიცვას: „ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ყველა რაიონში საკრებულოს წევრებზე ბინძური ზეწოლის მექანიზმები გამოიყენოს. ჩვენ ყველა რაიონში ჩავალთ და ყველა ჩვენს საკრებულოს წევრს დავიცავთ, მათი ოჯახის წევრებს დავიცავთ“. მისი თქმით, ახალი ხელისუფლება პოლიტიკური, დაუშვებელი მეთოდებით ებრძვის არჩეულ დეპუტატებსა და მათი ოჯახი წევრებს. „ყველამ უნდა იცოდეს, რომ გამარჯვება მიღწეულია საპარლამენტო დონეზე, იმუშაონ საპარლამენტო და ცენტრალურ დონეზე. ადგილობრივი ხელისუფლება არის დამოუკიდებელი შტო თბილისშიც და ყველა რაიონშიც. მაგრამ თუ დაუშვებელი მეთოდებით – პროკურატურის, პოლიციის ძალით, ფინანსური პოლიციის ძალით დაიწყენებ ბრძოლას – მიიღებენ ძალიან, ძალიან  მკვახე პასუხს ამაზე!“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

ვანო მერაბიშვილის  თქმით, ფრაქციის წევრები დაეხმარებიან ახალ ხელისუფლებას, რომ ხალხმა, ზესტაფონმა მიიღოს ყველა ის სიკეთე, რასაც დაჰპირდა „ქართული ოცნება“.

ახალაიას საქმესთან დაკავშირებით კი მან აღნიშნა, რომ „კალანდაძის დაპატიმრება ღამის 3 საათზე მინისტრის კაბინეტში – ეს არის სამარცხვინო, კაკებეშნიკური ძველი, საბჭოთა კაკებეშნიკური მეთოდი. ქართულ ჯარში ქართველი ოფიცრის დაკავება – ეს არის ამაზრზენი საქციელი. დამოუკიდებელ საქართველოში ასეთი რამ არ ხდებოდა!“