აქტუალური
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაფიცვებთან დაკავშირებით

1-ekon-aqtuaa1თბილისი, 9 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაფიცვებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დავალებით განცხადება გააკეთა, სადაც, კერძოდ, აღნიშნულია:

„მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში საქართველოს რამდენიმე  რეგიონში, მათ შორის, დედაქალაქშიც ადგილი აქვს გაფიცვებს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ფოთის პორტში, სადაც ნავსადგურის ფუნქციონირება ამ დრომდე პარალიზებულია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იქმნება სამთავრობო კომისია,  რომელსაც თავად პრემიერ-მინისტრი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

გადაწყდა, რომ კომისიას ეწოდოს „შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისია“, რომლის შექმნის მიზანიც დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შორის დღესდღეობით არსებული პრობლემების გადაწყვეტისა და მხარეთა მორიგების ხელშეწყობა იქნება.

მინდა, გაფიცულებს გადავცე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადამიანური თანადგომა და მისი სურვილი, პირადად გაერკვეს პორტის თანამშრომელთა პრობლემებში.

მივმართავ ფოთის პორტის ხელმძღვანელობას, სიტუაციის გამოსასწორებლად ყველა ძალისხმევა იხმაროს – გაფიცვის ყოველი დღე უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტვირთების შემოსვლა შეფერხებულია. ამიტომ გაფიცულებს ვთხოვ, შეწყვიტონ გაფიცვა და დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს.

საქართველოს მთავრობის სახელით პირობას ვაძლევთ მათ, რომ კომისია ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველაფერს იღონებს, რათა საქართველოს თითოეული მოქალაქის შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის საკითხი  უმოკლეს ვადებში გამოსწორდეს.

აღნიშნული საკითხი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება“.