აქტუალური
თბილისის მერი მთავრობის სხდომაზე არ დაუშვეს

1-ugulavaaთბილისი, 9 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს მთავრობის სხდომაზე დასასწრებად კანცელარიაში მისული თბილისის მერი გიგი უგულავა, რომელიც მინისტრთა კაბინეტისთვის გაუქმებულ სოციალურ შეღავათებთან დაკავშირებული ალტერნატიული პროექტის შეთავაზებას გეგმავდა, მთავრობის სხდომაზე არ დაუშვეს. დედაქალაქის მერის  განმარტებით, ამის შესახებ მას მესამე პირის მეშვეობით აცნობეს.

„აქეთ-იქით ორი ამბალი ამომიყენეს, გეგონება, ვინმეზე თავდასხმას ვაპირებდი და მივიღეთ მორალის კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს სუბორდინაცია“, – განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, ხალხი პრემიერ-მინისტრისგან დაპირებების შესრულებას და ყველა იმ პრობლემის გადაჭრას ელოდება, რომელიც თუნდაც დღემდე არსებობდა.

„ამის გამო აირჩია ხალხმა ეს კონკრეტული პარტია. და ვიღებთ დღეს შედეგს, რომ 600 000 ადამიანს უუქმდება შეღავათი. მთავრობის განცხადება არის ცინიზმის მწვერვალი, რომ თურმე საკითხი არ არის იმის ღირსი, რომ დღის წესრიგში მოხვდეს“, – აღნიშნა ქალაქის მერმა „რუსთავი 2“-თან საუბარში. მისი თქმით,  „პრემიერ-მინისტრმა არც ისურვა ამ საკითხის განხილვა“. არადა, „ეს საკითხი არის ძალიან მნიშნელოვანი, ეს ეხება 600 ათას თბილისელს, რომელიც სარგებლობს ტრანსპორტით, 4000 მრავალშვილიან ოჯახს, 90 ათას ადამიანს, რომელიც არის დაზღვეული და სჭირდება სამედიცინო დახმარება... ნელ-ნელა ეს შენობა გადაიქცევა ქაჯეთის ციხედ“, – განაცხადა უგულავამ და იქვე დასძინა, რომ „პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება, რომ იქვე მთავრობის სხდომაზე, სხვადასხვა საკითხებში ჩასვას ნებისმიერი საკითხი, რომელიც მთავრობის კომპეტენციაშია“, თუმცა მან ეს არ მოიმოქმედა.