პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პრაღაში

1-miSaa-politikaa1თბილისი, 13 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  პრაღაში ვიზიტის ფარგლებში გუშინ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საერთო ფასეულობები, საქართველოში დემოკრატიის განვითარება და ალიანსში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა იყო. მხარეებმა სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს და ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს. მიხეილ სააკაშვილმა და კარლ ლამერსმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზეც ისაუბრეს.

კარლ ლამერსმა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმების მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა ნატოს გენერალური მდივნის – ანდერს ფოგ რასმუსენის, განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე შეშფოთება გამოთქვა საქართველოს თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების დაკავების გამო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დაფიქრების საფუძველს იძლევა გენერალური მდივნის კრიტიკა საქართველოს მიმართ, რადგან ასეთი კრიტიკული ტონი, არც ერთი ქვეყნის მაგალითზე არ ახსოვს. როგორც მან აღნიშნა, ამ მოვლენებს უკავშირდება ის, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტი ჩაიშალა. მისი თქმით, ქართველი ხალხისა და საქართველოს საქმე არ უნდა დაზარალდეს ვინმეს გამოუცდელობის ან გაურკვეველი ზრახვების გამო, რადგან ჩვენი უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი პერსპექტივისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ალიანსში საქართველოს ინტეგრაცია. თუმცა აღნიშნა, რომ ახალ მთავრობას ეს გამოუცდელობით მოსდის: „ალბათ, შეიძენენ რაღაც გამოცდილებას უცხოური ვიზიტებით. მე მივესალმები უცხოეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, მისთვის ეს ბევრ რაღაცაზე ინფორმაციის მომცემი და სასარგებლო გამოდგება და საქართველოს ინტერესებს უფრო ნათლად დაინახავს ამ მთავრობის თითოეული წევრი“.

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დეკემბერში ნატოს მინისტერიალზე საქართველო გარკვეულ პროგრესს მიაღწევს, მინისტრების დონეზე შეხვედრა კი ჩვენს ქვეყანაში გაზაფხულზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესია პრაღაში კარლ ლამერსის ინიციატივით, 2002 წლის პრაღის სამიტის 10 წლისთავთან დაკავშირებით იმართება, რომელიც ალიანსის ყველაზე დიდი გაფართოების სამიტი იყო. კარლ ლამერსის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ საპარლამენტო ასამბლეის წლევანდელ სესიას ოთხი ასპირანტი ქვეყანა ესწრება, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოა.