აქტუალური
თუთბერიძე: „ახალაია და კალანდაძე პოლიტიკური მოტივით დააკავეს“

1-tutberiZeთბილისი, 13 ნოემბერი, საქინფორმი. „ბაჩო ახალაია და გიორგი კალანდაძე პოლიტიკური მოტივით დააკავეს“, – ეს განცხადება „პრაიმთაიმის“ პრესკლუბში გუშინ ჟურნალისტებთან შეხვედრისას თეა თუთბერიძემ გააკეთა.

თუთბერიძის განმარტებით, მას დაუკავშირდა ვინმე მანუჩარ დარასელია, რომელმაც გადასცა აუდიოჩანაწერი, სადაც განმარტა, რომ ჩვენება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ზეწოლის შედეგად მისცა.

როგორც ცნობილია, დარასელია ერთ-ერთი მოწმეა, რომელმაც ახალაიას მიერ დაკავებული ვინმე ზვიად აბესაძის საქმეზე ჩვენება მისცა.

თეა თუთბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას იუსტიციის მინისტრი ძალადობრივი პრაქტიკის გაგრძელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ახალაიასა და კალანდაძის საქმეებს პირადად თვალს მიადევნებს და საზოგადოებას სისტემატურად მიაწვდის ცნობებს აღნიშნულ საქმეზე.

„იკვეთება ტენდენცია ადამიანებზე ზეწოლის. ითხოვენ ინფორმაციების მიცემას ბაჩო ახალაიასა და გიგი კალანდაძის წინააღმდეგ. წარმოგიდგენთ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმის მანუჩარ დარასელიას განცხადებას, რომელიც წარმოდგენილია აუდიოჩანაწერის სახით, სადაც იგი აცხადებს, რომ მაზე განხორციელდა ზეწოლა პროკურორ ხარებავას, გამომძიებლის და ასევე პოლიციის სხვა თანამშრომლების მხრიდან, რომ მას მოეწერა ხელი იმ ჩვენებაზე, რომელი ჩვენებაც წინ დაუდეს. ეს ადამიანი აცხადებს, რომ ამ საქმეს რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა თეა თუთბერიძემ.