აქტუალური
იუსტიციის მინისტრმა სამინისტროს ქვეუწყებათა ხელმძღვანელები წარადგინა

1-axali-aqtuaaaa2საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელები წარადგინა.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს – ყოფილ სამოქალაქო რეესტრს, ლევან სამადაშვილი უხელმძღვანელებს, საჯარო რეესტრის თავმჯდომარედ ეკა კერესელიძე დაინიშნება, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი კი მიხეილ სარჯველაძე იქნება.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ლევან სამადაშვილისათვის კარგად ნაცნობი უწყებაა. ის სამოქალაქო რეესტრში 2009 წლიდან მუშაობს. ჯერ – პროექტების მენეჯერის პოზიციაზე, შემდეგ კი – სტრატეგიული განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.

სამადაშვილი განათლებით იურისტია, განათლება მას საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საწავლებლებში აქვს მიღებული, იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და აშშ-ის ჯორჯიის უნივერსიტეტის მაგისტრი. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტში, ქ. ჩიკაგოს მერის აღმასრულებელ ოფისში, საზოგადოებრივი და ეროვნული სამსახურის კორპორაციაში ვაშინგტონში.

განათლებით იურისტია აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი ხელმძღვანელიც. მიხეილ სარჯველაძემ კარიერა საადვოკატო პრაქტიკით დაიწყო, იყო ადვოკატი (სპს „კორძაძე და სვანიძე“, შემდეგ საადვოკატო და საკონსულტაციო გაერთიანება „მიხეილ სარჯველაძე და არჩილ მშვენიერაძე“), პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა კავკასიის სამართლის სკოლაში, არის   „საქართველოს იურისტთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი.

იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრ ეკა კერესელიძეს პროფესიული განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული, მუშაობდა კომპანიაში „პატარაია და პარტნიორები“, 2007 წლიდან იყო სააქციო საზოგადოება „საგამოფენო ცენტრი – ექსპო ჯორიას“ იურისტი. დღეიდან ის საჯარო რეესტრის სააგენტოს უხელმძღვანელებს.