პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე

1-alasa-politikaa1საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. ბრიუსელი გუშინ ნატო-საქართველოს კომისიის მორიგ სხდომას მასპინძლობდა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი.
კომისიის სხდომაზე ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ირაკლი ალასანიამ სიტყვით მიმართა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
თავდაცვის მინისტრმა ნატოელ პარტნიორებს საქართველოს ახალი მთავრობის პრიორიტეტები, განსაკუთრებით, თავდაცვის სფეროში გასატარებელი რეფორმები გააცნო. ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების კონტექსტში მხარეებმა იმსჯელეს ბოლოდროინდელ დაკავებებზეც.

გვქონდა ძალიან ღია მსჯელობა მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, იმ დაკავებებზე, რამაც გამოიწვია ყურადღების გამახვილება ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც აღიარებენ, რომ მათი მთავარი ამოცანაა – კანონი კანონობდეს და არავის მიმართ არ იყოს შერჩევითი სამართალი. და მე ავუხსენი ჩვენს ნატოელ პარტნიორებს, რომ საქართველოში პირველი ოქტომბრის შემდეგ შერჩევითი სამართალი დასრულდა“, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სხდომის დასრულების შემდეგ ალიანსის წარმატებულ „დარწმუნებაზე“ ილაპარაკა: „დავარწმუნეთ ჩვენი ნატოელი პარტნიორები, რომ ამ არჩევნების შემდეგ საქართველო ბევრად უფრო სტაბილური, ბევრად უფრო ძლიერი, პროგნოზირებადი და მათთვის სასურველი მოკავშირე გახდა. სხდომაზე ძალიან კონკრეტული საუბარი იყო, თუ რა იყო დემოკრატიის დეფიციტი არჩევნებამდე და დღეს რა აქვს ახალ ხელისუფლებას გასაკეთებელი“.