აქტუალური
მაღაროელები პარლამენტთან აქციას მართავენ

1-meSaxte-aqtuuu3საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან, ტყიბულელი მაღაროელების აქცია მიმდინარეობს. აქციის მიზანი დეპუტატებისთვის მაღაროელთა პრობლემებისა და მოთხოვნების შეხსენებაა. ამასთან, აქციის მონაწილეთა უკვე არსებულ მოთხოვნებს ტყიბულის ადგილობრივი მთავრობის, კერძოდ, დავით კაკაბაძისა და მუნიციპალიტეტის გამგებელ ლევან დოხნაძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა დაემატა.

მაღაროელები უნდობლობას უცხადებენ კომპანია „საქნახშირ ჯი-აი-ჯის“ მეპატრონე დავით ბეჟუაშვილსა და ხელმძღვანელობას, რადგან, მათი განცხადებით, ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

აქციის მონაწილენი გაფიცვის შეწყვეტას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. მათ დახმარების თხოვნით უკვე მიმართეს ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატ ელისო ჩაფიძეს.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ტყიბულელი მაღაროელების გაფიცვა 7 ნოემბერს დაიწყო. მაღაროებში მუშაობა მთლიანად შეჩერებულია. ამჟამად მინდელისა და ძიძიგურის სახელობის მაღაროებში 1400-მდე მაღაროელია გაფიცული. ისინი ხელფასებისა და სამუშაო დღის შემცირებას, ასევე, ძიძიგურის სახელობის შახტის დახურვის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებას აპროტესტებენ.